ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„შუხმან ჯგუფის" $17.5 მილიონიანი 2 პროექტი - კომპანია ზღვისპირეთში სასტუმროს ააშენებს
24 თებერვალი, 2021

„შუხმან ჯგუფი“ 2021 წელს სტუმარმასპინძლობის სფეროში 17.5 მლნ დოლარის ღირებულების 2 პროექტის განხორციელებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, დაგეგმილი პროექტებიდან 1 თელავში - „შუხმანის ღვინის სოფელში“ განხორციელდება, ხოლო მეორე პროექტი - დასავლეთ საქართველოში.

„2019 წელს თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ავამოქმედეთ შუხმანის ღვინის სოფელი, სადაც 14 მაღალი სტანდარტის ვილაა განთავსებული. პანდემიის პერიოდში ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით დისტანცირებული ვილების კონცეფციამ კარგად იმუშავა, რამაც ადგილობრივების მხრიდან დიდი მოთხოვნა შექმნა. შიდა ტურიზმის ზრდის გათვალისწინებით, პანდემიის დადებით მხარედ შაეგვიძლია დავასახელოთ, რომ ის სახსრები, რაც ქვეყნიდან უნდა გასულიყო, ქვეყნის შიგნით დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ დაგეგმილი გვქონდა შუხმანის სოფლის განვითარება, 2020 წელს პანდემიის გამო ჩვენი გეგმები დაკორექტირდა, დღეს კი, სოფლის გაფართოების პროექტი დღის წესრიგში დგას. სოფლის განვითარების მეორე ეტაპზე 10 ვილის აშენება იგეგმება, რაც დასაქმებულთა რაოდენობას 100-მდე გაზრდის. პროექტის მეორე ეტაპის ღირებულება 2.5 მლნ დოლარია“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

„შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მეორე პროექტის, რომელიც საქართველოს ზღვისპირეთში უნდა განხორციელდეს, ზუსტი ლოკაციის დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ "პროექტი მუშავდება".

„ზღვისპირეთში მოეწყობა სასტუმრო კომპლექსი და ინფრასტრუქტურა, სადაც 80-დან 100-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 15 მლნ დოლარია“, - აღნიშნა მან.

ნუცა აბრამიშვილის თქმით, დღეისთვის კომპანია ინვესტორების მოზიდვის პროცესშია.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახსრების მოძიება ანუ ინვესტორების მოზიდვა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს პასიური პერიოდი იმისთვის, რომ მოვამზადოთ პროექტი და ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ინვესტორებს და ჩამომსვლელ სტუმრებს. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი, გადაუდებლად აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა“, - უთხრა BM.GE-ის ნუცა აბრამიშვილმა.

„შუხმან ჯგუფი“ პროექტების განხორციელებას 2021 წლის მეორე ნახევრიდან, ინვესტორების მოზიდვის შემდეგ გეგმავს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.