თუ თქვენ საქართველოში იმოგზაურებთ, ნამდვილად აღმოაჩენთ პატარა შვეიცარიას ჩვენს ქვეყანაში.
წლების მანძილზე არაერთ შვეიცარიელ სტუმარს აღუნიშნავს ის, თუ როგორ გავს აქაურობა შვეიცარიას. ბევრს ისიც უთქვამს, რომ არ ვიცოდე, რომ ვიფრინე და ახლა საქართველოში ვარ, ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქვეყანა არც კი დამიტოვებიაო. განსაკუთრებით ხშირად მაღალმთიან აჭარაში მსმენია ეს მათგან, იმ ფერდობებზე შეფენილი სოფლების დანახვისას, სადაც მშრომელი აჭარლები ცხელ ზაფხულს ატარებენ, ბარიდან რამოდენიმე თვით საქონელთან ერთად ადიან და სოფლის მეურნეობა-მეცხოველეობით არიან დაკავებული.
უზარმაზარ მსგავსებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, რაც მხოლოდ ლანდშაფტის ან არქიტექტურული ნაგებობების მსგავსებაში არ გამოიხატება. რაღაცნაირად თვით ცხოვრების წესიც კი მსგავსია. ისევე როგორც შვეიცარიაში ალპებისკენ მიმავალ გზებზე, გაზაფხულზე აჭარაშიც გადაეყრებით მთისკენ მიმავალ მორთულ-მოკაზმულ საქონელს. ისევე როგორც ალპებში, ეს აჭარის მთებშიც ერთგვარ დღესასწაულს წარმოადგენს. ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ სოფლებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივების მიერ დამზადებული ცნობილი აჭარული ჩლეჩილი ყველი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ისეთივე სავიზიტო ბარათია, როგორიც შვეიცარიისთვის მაგ. ემენტალი. შვეიცარიულ და აჭარულ ტრადიციულ კერძებს შორისაც დაიჭერთ მსგავსებას, მათ გარდა გემოვნური თვისებებისა, პირველადი დანიშნულებაც აერთიანებთ, გლეხი მისი მიღების შემდეგ ენერგიასაც ღებულობდა და ცივ ზამთარში უფრო ადვილადაც უმკლავდებოდა ყინვას ამ კერძების მაღალი ცხიმიანობის წყალობით.
BPN Georgia საკუთარ ბენეფიციარებთან შესახვედრად და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევის მიზნით კიდევ ერთხელ ესტუმრა ულამაზეს მაღალმთიან აჭარას, კერძოდ ხულოს მუნიციპალიტეტს და ამ მოგზაურობის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღმოაჩინა ის დიდი მსგავსება, რომელიც საქართველოსა და შვეციარიას შორის არსებობს.
დაკვირვებული თვალი მსგავსებას ყველგან აღმოაჩენს:
მსგავსება 1.
პრველ ფოტოზე საქართველოა, ხულოსკენ მიმავალი გზა, აჭარისწყლის ხეობა. ეს ხიდი მთავარ გზას აჭარის მთიან სოფლებთან აკავშირებს, ხოლო მეორზე შვეიცარიის, ავეგნო.
მსგავსება 2.
აჭარა განთქმულია უძველესი თაღოვანი ე.წ. თამარის ხიდებით, თურმე შვეიცარიაშიც აშენებდნენ თავის დროზე მსგავსი არქიტექტურის ხიდებს და ბევრი მათგანი დღესაც შემორჩენილია პირვანდელი სახით. პირველ ფოტოზე. აღბეჭდილია საქართველო, ფურტიო, შუა საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, ხოლო მეორეზე შვეიცარიის ვერზასკას ხეობა. ფოტოებზე მკვეთრად ჩანს არქიტექტურულ-ფუნქციური მსგავსება ამ მრავალსაუკუნოვან თაღოვან ხიდებს შორის.
მსგავსება 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში არაერთ ულამაზეს ტრადიციულ სახლს ნახავთ, რომლის მთავარი საშენი მასალა ხეა და რომელშიც ძველად პირველი სართული საქონლის სადგომად გამოიყენებოდა, ზოგიერთ სოფელში დღესაც ასეა. პირველ ფოტოზე ხულოს რაიონის სოფ. ზემო ვაშლოვანია, ხოლო მეორეზე შვეიცარიის სოფელი გრიმენცი თავისი ტრადიციული საცხოვრებელი სახლებით.
მსგავსება 4.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ბპნ ჯორჯიას ბენეფიციარებთან ულამაზესი ტრადიციული სახლების გვერდით ტრადიციული სასიმინდეებიცაა. ტრადიციულად ასეთ სასიმინდეებში შვეიცარიელებიც სიმინდს, სხვადასხვა მარცვლეულს და ამავდროულად ხორცსაც ინახავდნენ, ხანდახან პურის განსაკუთრებულ სახეობასაც, რომელიც დიდხანს ინარჩუნებდა კვებით ღირებულებას . პირველ ფოტოზე აღბეჭდილია შვეიცარია, მუნდი, ვალისის კანტონი, ხოლო მეორეზე - საქართველო, აჭარა, სოფ. სხალთა.
მსგავსება 5.
დიდი დაკვირვება არ სჭირდება, მნახველს მაშინვე თვალში ხვდება ამ ორ ქვეყანას შორის ლანდშაფტური მსგავსებაც. მთები, მდინარეები, ტბები, მთის ფერდობებზე შეფენილი სოფლები შვეიცარიაშიც ახარებს მნახველის გულსა და თვალს და მაღალმთიან აჭარაშიც.
პირველი ფოტოზე ხედავთ თაგოდან დანახულ ხულოს, მწვანეში ჩაძირულსა და მთებით გარშემორტყმულს, ხოლო .მეორეზე შვეიცარიაა, უფრო კონკრეტულად, ადელბოდენია.
მსგავსება 6.
მთის მწვერვალებზე შემოსკუპებულ აჭარულ სოფლებში ასვლა მხოლოდ ავტომობილით არ არის შესაძლებელი. ძალიან დიდ დროს დაზოგავთ, პატარა, ლამაზ თავგადასავალშიც აღმოჩნდებით და ამავდროულად ულამაზესი ხედებითაც დატკბებით, თუ თაგოს საბაგიროთი ისარგებლებთ. ეს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
ამ ტრანსპორტს, რომელიც 1985 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს, მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი. ასეთივე საბაგიროა შვეიცარიაში. იხილეთ ფოტო შვეიცარის ისტორიული საბაგიროთი გრაფენორთში.
უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ მსგავსებაზე საუბარი, თუმცა უმთავრესს უნდა გავუსვათ ხაზი, იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია შვეიცარიის მსგავსად, თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით თავისი თვალწარმტაცი ბუნებით, ტრადიციით, კულტურით, ისტორიით და რაც ყველაზე მთავარია, უზომოდ სტუმართმოყვარე ხალხით. განსხვავება ერთია, შვეიცარიაში ეს პოტენციალი ათვისებულია, მაღალმთიან აჭარაში ეს ჯერ კიდევ წინ არის. მთავარია, სწორი ხედვა, სწორად დაგეგმვა, სწორი ნაბიჯებით სვლა და შევძლებთ, მხოლოდ სილამაზით კი არა ეკონომიკური თვალსაზრისითაც დავემსაგვსოთ ჩვენსავით პატარა, მთაგორიან, წარმატებულ ქვეყანას - სახელად შვეიცარია.
წყარო: BPN Georgia