შვეიცარიული STADLER-ი საქართველოში მეტროსა და მატარებლების რეგიონულ ქარხანას ააშენებს
მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარიული კომპანია “შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს. თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა თბილისის მერიამ, „საქართველოს რკინიგზამ“ და „შტადლერმა“.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
„შტადლერთან“ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ორსართულიანი მატარებლის - „შტადლერ ქისის“ სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.

„რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ორი ორსართულიანი მატარებელი მივაწოდეთ. ახლა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ერთობლივი საწარმო გაიხსნას, სადაც მეტროს ახალი ვაგონების აწყობა, ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაციაში გაშვება მოხდება“, - განაცხადა შვეიცარიული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ შპულერმაპეტერ შპულერმა.
ვინაიდან, შვეიცარიული კომპანიისთვის არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა სიმძლავრის საწარმო გააჩნია.
კომპანია „შტადლერი“, როგორც სარკინიგზო სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებს აწარმოებს. კომპანია საქართველოდან უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით რეგიონის მომარაგებას გეგმავს.
www.travelingeorgia.ge