700-მეტრიანი ველობილიკი, საპინკინე სივრცეები, სავარჯიშო ზონა - თბილისში წითელი პარკის რეაბილიტაცია იწყება
საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, „დეკის" ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, 2 საბავშვო სათამაშო მოედანი, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად, - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ვასო გოძიაშვილის ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე მოეწყობა.

პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
პროექტი ასევე ითვალისიწნებს 700-მეტრიანი ველობილიკის მოწყობას, შეიცვლება პარკში არსებული ფურნიტურა, განთავსდება სეპარირების ურნები და მოეწყობა ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე.
განახლდება გამწვანება: დაიგება ბალახის საფარი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები. გარდა ამისა, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება.
ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც 25 ივნისს დასრულდება.
როგორც თბილისის მერი ამბობს, ქალაქში მწვანე სივრცეები აუცილებელია. ამ მიმართულებით გამგეობები მუშაობენ და ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერის რეაბილიტაცია ხდება.

კახა კალაძის თქმით, ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია 35 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიას მოიცავს.
„პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა და გამოთქვა სურვილი, პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, რასაც მივესალმებით. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „აქსისს“ თანადგომისთვის და მივმართო ბიზნესსექტორს, მხარში დაგვიდექით. იმედი მაქვს, რომ ბევრი კომპანია გამოგვეხმაურება და ერთად შევძლებთ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების მიმართულებით გვაქვს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია ხუთ თვეში დასრულდება.
www.travelingeorgia.ge