სიგარა, რომი, სამოთხის პლაჟები, ფიდელ კასტრო და ჩე გევარა - რეპორტაჟი თავისუფლების კუნძულიდან
სიგარა, რომი, სალსა, ესპანურ-კოლონიალური არქიტექტურა, 1950-იანი წლების მანქანები, სამოთხის პლაჟები, ფიდელ კასტრო და ჩე გევარა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფლების კუნძულზე - ეს კუბაა, ქვეყანა რთული წარსულით და საინტერესო მომავლით.
კუბიდან ახლახან დაბრუნდა „კომერსანტის დილის“ თანაწამყვანი და რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე. დღეს სწორედ მისი საინტერესო თავგადასავლის შესახებ მოგიყვებით. ემოციები ამ დრომდე არ განელებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, კუბას ვერც ერთს ადარებს. აღფრთოვანებული ადამიანებით, კულტურით, არქიტექტურით და გასტრონომიით. როგორც ამბობს, სამოგზაუროდ წასვლის მიზანი საქართველოში კუბური ხასიათის ჩამოტანა იყო. რესტორატორს უნდოდა, რომ მათ კულტურას გასცნობოდა, რადგან აპირებს თბილისში გაიხსნას სივრცე, სადაც სტუმარს ნამდვილი კუბა დახვდება.
„კუბა, ეს არის სრულიად განსხვავებული კონტრასტებით სავსე ქვეყანა, როცა კუბაზე ხართ, შეიძლება წარმოუდგენელ რეალობაში აღმოჩნდეთ. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი თბილი, ზრდილობიანი და საყვარელი ადამიანები უბრალოდ არსად მინახავს. ეს არის ქვეყანა, სადაც არსებობს ფეშენებელური მაღალი ხარისხის რესტორნები და სასტუმროები, თუმცა დაახლოებით 10 მეტრში ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან. ადამიანებს პირდაპირ ვეკითხებოდი როგორ იყვნენ ბედნიერები მაშინ, როცა მათი საშუალო ხელფასი თვეში 30–40 დოლარამდეა, ეს ფაქტი ნამდვილად მიკვირდა. ჩვენ ქვეყანაში ქუჩაში რომ გაივლი, ადამიანებს მთელი მსოფლიოს პრობლემები მხრებით დააქვთ. იქ ადამიანი ღიმილის გარეშე არ მინახავს, კომუნიკაციის გარეშე არ ტოვებენ და კომუნიკაცია არასოდესაა მოსაბეზრებლები.
აღსანიშნავია კუბის საოცარი ბუნება, ჰავანა არის ქალაქი, რომელიც ალბათ მსოფლიოს საოცრებებში უნდა შევიდეს. წარმოუდგენელია სილამაზეა, აქ ძალიან იგრძნობა ესპანური გავლენა, ქალაქში ნებისმიერი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ცალკე აღსანიშნავია სიგარა - ტრადიცია და კულტურა, რომელიც კუბის სავიზიტო ბარათია.
ისეთ ხელოვნების ნიმუშებს როგორიც კუბაშია რესტორნებისა და კაფეების სახით, ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ ნახავთ, ეს წარმოუდგენელი რეალობაა. ვიყავი ჰემინგუეის კაფე- ბარში, სადაც ცნობილი კუბური კოქტეილები შეგიძლიათ მიირთვათ. როცა კუბა ლიბრეს გასინჯავთ იგრძნობთ, რომ შეიძლება თქვენს გვერდით ჰემინგუეი იჯდეს. სასმელებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომი. ეს მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია, როგორც ჩვენთან არის ქართული ღვინო და ჭაჭა ტურისტისთვის ისევე არის მათთვის Havana Club. ეს ხალხი ამ ყველაფერს დოზირებით და ძალიან დიდი სიამოვნებით იღებს. ჩვენთან პირობითად თუ მაგიდასთან ქეიფობენ იქ ცეკვით, სიმღერით და რომის სიმით ატარებენ დროს.
გასაოცარი იყო დამოკიდებულება კერძებთან - ღორის ხორცი უყვართ საოცრად. მათი ნაციონალური საკვები ღორის ხორცის სუპია. კუბური კერძების ფესტივალზე მოვხვდი, სადაც ძალიან დიდი შამფურზე გოჭი იწვებოდა. ყველა კუბური კერძის მომზადებაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი მზარეულები, ასვე დამსვენებლები.
ჰავანაში არის კლუბი Fábrica de Arte, მისი ფართობი დაახლოებით ერთ ჰექტარია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა სივრცე - როგორც კლასიკური, ასვე კუბური, სალსას და ელექტრო მუსიკის. სივრციდან სივრცეში ისე გადადიხარ არანაირი დისკომფორტი არ გექმნება. ეს ყველაფერი აღჭურვილია ხელოვნების უმაღლესი ნიმუშებით - ფოტოებით, ნახატებით, ქანდაკებებით და ა.შ. ეს ყველაზე მაგარი რამ იყო, რაც ცხოვრებაში მინახავს“, - გვიყვება შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელ იხსენებს, რომ ჰავანას ქუჩებში ინგლისურად თითქმის არავინ საუბრობს, თუმცა ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტები მრავლად არიან გამართული ინგლისურით გესაუბრებიან. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ სერვისი კუბაში უმაღლესი ხარისხისა. მისი თქმით, კუბაში იგრძნობა რომ კომუნიზმში ხარ, თუმცა ამავდროულად ხვდები, რომ ქვეყანაში კაპიტალიზმის ძალიან დიდი ფესვებია გადგმული.
„კოვიდმა ალბათ ყველაზე ცუდად კუბაზე იმოქმედა, რადგან ტურისტი საერთოდ არ ჩადიოდა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო კი ტრუიზმია. აქედან გამომდინარე ფასები 5 -ჯერაა გაზრდილი და იაფი ფასები წარსულს ჩაბარდა. პესოს, კუბის ფულად ერთეულს თითქმის არ გამოიყენებენ. მაგალითად სიგარა რომ იყიდო მაღაზიაში, ქეშად ვერ ვიყიდი, უნდა გადაიხადო ბარათით. რა თქმა უნდა პესო ბარათზე არ გაქვს, უნდა გადაიხადო დოლარით, რა დროსაც ძალიან ძვირს იხდი. შესაძლებლობების კუთხით, ყველაზე პოტენციური ქვეყანა საქართველო მეგონა თუმცა, ახლა მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო პირველი კუბამ დაიკავა. მაგრამ, ქვეყანაში იმდენად დიდი ბიუროკრატიაა იქ ბიზნესის გახსნა წარმოუდგენელია. კერძო საკუთრება არ არსებობს, ყველაფერი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. წარმოიდგინეთ დაახლოებით, თბილისიდან გორამდე მანძილში ტაქსის 250 დოლარი უნდა გადაუხადო. თუმცა, ეს თანხა მიდის ბიუჯეტში, საიდანაც 30 დოლარი ნაწილდება ხელფასის სახით ადამიანებზე. შეუსაბამო მდგომარეობაა, 60 კმ-ში 250 დოლარი მცირე თანხა არ არის. რესტორანში 4-6 ადამიანზე გათვლილი კარგი ვახშამი დაახლოებით 300 ევრო ღირს. ევროპული ფასებია, მაგრამ ადამიანები ამით კეთილდღეობას ვერ პოულობენ“, ამბობს შოთა ბურჯანაძე.
„კომერსანტი“ გთავაზობთ, ფოტო რეპორტაჟს, რომელიც რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ გადაიღო:
commersant.ge