სიღნაღში ტურისტების რაოდენობა იმატებს, წყლის მიწოდების პრობლემა კი ჯერ კიდევ მოუგვარებელია
„ამჟამად სიღნაღი ტურისტებით სავსეა, თუმცა ქალაქს წყლის მიწოდების პრობლემა აქვს. ეს პრობლემა წლებია არსებობს, მაგრამ გვპირდებიან, რომ მალე 24 საათიანი წყალმომარაგება გვექნება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქალაქ სიღნაღში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები უყვებიან.
ჯერ კიდევ 2020 წელს, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, დღის განმავლობაში 10 საათით. წყლის ინფრასტრუქტურა ამჟამადაც ნაწილობრივ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ ტენდერის გამოცხადების შემდეგ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს და პრობლემის მოგვარებას მალევე ელოდებიან. დაგეგმილი პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს საქლორატორო, წყალმომარაგების ქსელი, მილსადენი, რეზერვუარი, მოხდეს დარჩენილი მოსახლეობის გამრიცხველიანება.
„გამრიცხველიანება თითქმის დასრულებულია ზემო სოფლებშიც და რამდენად გამოსწორდება წყლის მიწოდება არ ვიცი. ძალიან დიდი ხანია კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ყველას აქვს საკუთარი რეზრვარები და ამას ვავსებთ ხოლმე, მერე ვუკეთებთ ტექნიკურ სინჯებს. წლების წინ იყო ეს პრობლემა სიღნაღის მდებარეობიდან გამომდინარე, მერე რეაბილიტაცია რომ დაიწყო რაღაცები არ იყო გათვალისწინებული. წყალი ამოდიოდა ჭაბურღილებიდან და მიედინებოდა ქსელში, შემდეგ წყლის რაოდენობა იკლებდა. ახლა აკეთებენ ნაგებობას, საიდანაც შეივსება რეზერვუარები და მერე 24 საათიან წყალმომარაგებას გვპირდებიან, მაგრამ რა ეტაპზეა და როგორ აკეთებენ ნამდვილად არ ვიცით“ - ამბობს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ლევან ბატიაშვილი.
როგორც ბატიაშვილი გვიყვება ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ქალაქი ინფრასტრუქტურულად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღნაღი უფრო აქტიური ხდება ვიზიტორების თვალსაზრისით.
„ტურისტებიც უკვე არიან ქალაქში, საბედნიეროდ ბევრი გზა გაკეთდა. განადგურებული რაც იყო ქვაფენილები, შეკეთდა და ნორმალური სიტუაციაა. ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც მალე იხსნება. ვიზუალურად ძალიან ბევრი რამე დაემატა ქალაქს - კაფეები, აუზები და ტურისტულად უფრო აქტიური გახდა. თუ აქამდე გავლითი ტურიზმი გვქონდა, ახლა თავისუფლად შეუძლია ტურისტს დარჩეს და დაისვენოს. გართობის თვალსაზრისით მათ ახლა უფრო მეტს შევთავაზებთ ვიდრე ადრე,“ - ამბობს ლევან ბატიაშვილი.
Sighnaghi Art Hotel და Villa Provance-ის დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ასევე ამახვილებს ყურადღებას წყლის პრობლემაზე და აღნიშნავს, რომ სხვა მხრივ ქალაქი დღითიდღე მიმზიდველი ხდება ტურისტისთვის. ამასთან სიღნაღის მთავარი ხიბლი, რატომაც ძირითადად „სიყვარულის“ ქალაქს სტუმრობდნენ, ქორწინების სახლი დიდი ხანია დაკეტილია.
„გზები იგება, ძალიან ლამაზი სავაჭრო ცენტრი გაკეთდა პანორამული ხედებით, პარკი განახლდა, შეიცვალა ინფრასტრუქტურულად ქალაქი. მე მახსოვს წლების წინ ერთ ნათურა არ ენთო. ერთადერთი რისი პრობლემაც რჩება ეს არის ნაწილობრივად წყლის მიწოდება საღამოს საათებში. მაგრამ გვაიმდებენ, რომ ეს მოგვარდება. გაკეთდა ის რომ დალაგდა ნაგვის გატანა, ეს სიღნაღის პრობლემა იყო იმიტომ, რომ პატარა ქალაქია და ვერ დგამენ დიდ ნაგვის ყუთებს და პატარა ნაგვის ყუთებში არ ეტევა ნაგავი და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ფასადები უფრო გალამაზდა. გაკეთდა ფიროსმანის მუზეუმი, იერსახე შეცვალა ქალაქს და რაც გაკეთებული იყო ის შენარჩუნებულია . ძალიან ბევრი კერძო სექტორია აქ და რომელთაც თავად უნდა იზრუნონ რომ მათი ობიექტები ტურისტულად მიმზიდველი იყოს.
სერიოზული პრობლემა რაც რჩება არის ის, რომ ამდენი ხანია დაკეტილია საქორწინო სახლი. ისიც პანდემიასთან იყო დაკავშირებული იმიტომ რომ დიდი ნაკადი ამოდის, რადგან 24 საათი შეუძლიათ აქ ხელის მოწერა. ტურისტებით სავსეა სიღნაღი, შიდა ტურიზმიც ძალიან გავითარდა. არიან ინგლისელები, პოლონელები, ქართველები. სხვათა შორის ადრე არ მოდიოდნენ ქართველები და ახლა მიხარია, რომ აირჩიეს ეს ქალაქი,“ - ამბობს ლალი მოროშკინა.
სასტუმრო „ტყუპებში“ ამბობენ, რომ ქალაქს განახლება ნამდვილად სჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.
„არაფერი კეთდება სიღნაღში, ისევ ისეა ყველაფერი, დაზიანებული არაა ძველი განახლებული შენობები, მაგრამ ტურისტბი ძალიან ბევრია და აუცილებლად უნდა განახლდეს ქალაქი. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით ალბათ ვერ განახლდება,“
2020 წლის დასაწყისში დასრულდა ქალაქ სიღნაღში ე.წ. „ნასომხარის“ წყლის სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი რამდენიმე საათით გაუუმჯობესდა.
commersant.ge