პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქ როუდ ჯგუფი“ „კომერსანტის“ საშუალებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტს გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოქალაქეების ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება; აღნიშნულს საერთაშორისო დასკვნები და კვლევები ადასტურებს.
იხილეთ განცხადება უცვლელად:
„რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეთა ნაწილი გამოთქვამს დაუსაბუთებულ არგუმენტებს, თითქოს პროექტი „ბათუმი რივიერა“ შეიცავს რისკებს და შესაძლოა გარემოზე უაყოფითი ზემოქმედება მოახდინოს .
გვსურს გავასაჯაროვოთ სპეციელისტების მიერ ჩატარებული კვლევები, რომელიც კომპანიამ მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს.
საერთაშორისო იურიდიული კომპანია “დენტონს საქართველოს“ სამართლებრივი დასკვნა, რომლის მიხედვითაც „ბათუმი რივიერას“ დაგეგმილი საქმიანობა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ I ან/და II დანართით გათვალისწინებული საქმიანობების ჩამონათვალს და არ არის საჭირო გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით შპს „ბათუმი რივიერა-ს“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
„მიუხედავად ზემოთქმულისა, კომპანიამ მასშტაბური კვლევა დაუკვეთა იტალიური საინჟინრო საკონსულტაციო კომპანია „Colleselli & Partners Ingegneria Geotechnica”-ს, მიერ მომზადებული ჰიდროლოგიური კვლევა. (კომპანიას აქვს საინჟინრო, ჰიდროლოგიური და გეოტექნიკური მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება. სწორედ ეს კომპანია იყო ჩართული ვენეციის ახალი პორტის მშენებლობის და ძველი პორტის რეაბილიტაციის პროექტებში). მათ, მყვინთავების საშუალებით, საპროექტო ტერიტორიის გარშემო ჩაატარეს ბათიმეტრიული სამუშაოები, გამოიკვლიეს არსებული ნიადაგის სტრუქტურა, გარშემო არსებული სანაპირო ზოლი, ასევე შეისწავლეს ტერიტორიის გეოლოგია გეოტექნიკური ანალიზი და წარმოადგინეს დასკვნა, სადაც ხაზგასმულია შემდეგი საკითხები:
-
კონსულტანტმა შეისწავლა ნიადაგი, რომელზეც უნდა განთავსდეს დაგეგმილი პროექტი და მისი მახასიათებლების მიხედვით დაადგინა, რომ ნიადაგის პირობების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ დაპროექტებული საძირკვლის სისტემა (ღრმა ხიმინჯების დიამეტრი > 1მ) შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს;
-
2018 წელს ჩატარდა სეისმური რისკების ანალიზი, რათა განსაზღვრულიყო გაწყლოვანების რა რისკი არსებობს საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში. დასკვნის მისაღებად გამოიყენეს სამი სხვადასხვა აპრობირებული მეთოდი და დაადგინეს, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, მიწისძვრის დროს ნიადაგის გაწყლოვანების რისკი უმნიშვნელოდ ითვლება და არ წარმოადგენს საფრთხეს ტერიტორიის ათვისებისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმში, 1999 წელს მიწისძვრის შედეგად, ზღვაში მოხდა ინერტული მასების ჩამოშლა, კონსულტანტმა გამოიკვლია საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური და გეომორფოლოგიური მდგომარეობა.
მათ მოგვცეს დასკვნა, განმეორების შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმავე მოვლენას ჩვენი კომპანიის დაგეგმილ საქმიანობაზე. ანალიზის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ინერტული მასების ჩამოშლას არანაირი გავლენა არ ექნება სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე კოშკის საძირკველის სისტემაზეც კი, რადგან ის დაშორებულია სანაპირო ზოლისგან 150 მეტრით. მეორეს მხრივ, კონსულტანტმა დაადგინა, რომ ბათუმი რივიერას აშენების შედეგად ტერიტორიაზე დატვირთვის ზრდა ვერ იქნება ინერტული მასების ჩამოშლის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
კონსულტანტმა ასევე მოგვაწოდა დასკვნა ლაგუნას მშენებლობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პროექტის შუა ნაწილში მოეწყობა ხელოვნური ლაგუნა, რომელიც დაუკავშირდება არხით ზღვას და შესაბამისად შეივსება ზღვის წყლით. ლაგუნას მშენებლობას არ ექნება უარყოფითი გავლენა პროექტის ფუნდამენტის სიმტკიცეზე იმის გამო, რომ კოშკებს გაუკეთდებათ ხიმინჯები დიდ სიღრმეზე, რაც უზრუნველყოფს დატვირთვის გადატანას ფუნდამენტის ღრმა ფენებზე. ასევე, რადგან ლაგუნა ზღვის ნაწილს დაუკავშირდება ახალი არხის საშუალებით, იგი არ მოახდენს არავითარ უარყოფით გავლენას ბათუმის კონცხის მორფოდინამიკაზე, შესაბამისად არსებულ სანაპირო კედელსა და კანიონის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება.
19 აპრილით დათარიღებულ „გეოგრაფიკის“ დასკვნაში წერია: – „რივიერას პროექტი არ ფარავს მის მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების (1.შუქურა, 2.ბათუმის დრამატული თეატრი, 3.ბულვარი და
4.საზღვაო სადგურის შენობა) ფიზიკური დაცვის ზონებს და ითვალისწინებს ამავე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი, ობიექტების ვიზუალური (სამართლებრივ-ტექნიკური თვალსაზრისით დამახასიათებელ) დაცვის ზონებსაც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიზანმიმართულად ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევაში ერთ კონკრეტულ აბზაცზე მითითება, სადაც წერია -დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა.
გარდა იმისა, რომ გამოთქმული ვარაუდის საფუძველი და ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგია უცნობია, აღნიშნული ნაშრომი არ გამოხატავს გაეროს პოზიციას, რაც დოკუმენტის პირველივე გვერდზე გარკვევით წერია : „წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორებისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს“ . ნაშრომი დაფინანსებულია UNDP-ს მიერ.
აღნიშნული ანგარიშის შედგენაში სხვა მონაწილე მხარეების ცალკეული კვლევა, კომპანიამ წარმოადგინა მოთხოვნის შესაბამისად. ამასთანავე, როგორც მოგეხსენებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარებულია კულტურული მემკვიდრეობის კვლევა (არქიტექტორულ-ისტორიული კვლევა), რომლის თანახმადაც საპროექტო ტერიტორია არ შედის ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში და ისტორიულად მოშორებული იყო ქალაქის განაშენიანების ძირითდ ბირთვს. ისტორიული კვლევის მიხედვით ადგილზე სხვადასხვა დროს ჯერ განთავსებული იყო თავდაცვითი მიწაყრილი, შემდეგ, ყაზარმები ხოლო მოგვიანებით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სამრეწველო დანიშნულების ნაგებობები; ახლო წარსულში ტერიტორია თითქმის მთლიანად ჰქონდა ათვისებული „რივიერას“ მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსს. ტეროტორიამ დღევანდელი სახე მხოლოდ 2006 წლისთვის შეიძინა, როდესაც ნაკვეთი მოსწორდა და გამწვანდა სილქ როუდ ჯგუფის მიერ.
პროექტის დამტკიცების პროცესი პირველივე დღიდან მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით, სხვადასხვა კომპეტენტური საფუძველზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ბათუმი რივიერა“ ახალ მრავალფუნქციური კომპლექსია რომლის აშენებასაც „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს .პროექტს დამტკიცების შემთხვევაში, ადგილზე განთავსდება 5 მაღალსართულიანი შენობა. კერძოდ, სხვადასხვა გასართობ-დასასვენებელი ობიექტი. კომპლექსის ბოლო სართულზე მოეწყობა ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედანიც, საიდანაც ფრენები განხორციელდება კურორტ გოდერძის და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით.
პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარია და მისი განხორციელების შემთხვევაში ობიექტზე 1000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადი ყოველწლიურად დაახლ. 1.2 მილიონი დოლარი იქნება, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი – დაახლ. 7 მლნ დოლარი .
Commersant.ge