ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო წარადგინეს
08 აგვისტო, 2018

ქართული ღვინო აზიაში მოგზაურობს. „აზიის ტური 2018”-ის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში გაიმართა.

Meiburg Wine Media-ის მმართველმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მისიკულტურა და ისტორია, თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრია გააცნო.

სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო წარდგენილი იყო სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში Kwonsooksoo. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ კერძებთან ერთად. ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად შეეხამება კორეულ სამზარეულოს.

ქართული ღვინო სინგაპურშიც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა დააგემოვნეს 10 ქართული კომპანიის ღვინო და ჭაჭა. საღამოს ღვინის იმპორტიორები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სინგაპურში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერებთან.

წლის ბოლომდე აზიის ტურის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში, მაკაოში, სიამენში, გუანჯოუში, შენჭენსა და ჰონგ-კონგში გაიმართება. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ქართული ღვინისთვის სტრატეგიული ბაზარია. 7 თვეში სამხრეთ კორეაში ექსპორტმა 40980 ბოთლს მიაღწია (ზრდა 130%), ხოლო - სინგაპურში 40800 ბოთლს (ზრდა 6700%).

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.