სინგაპურული „Meta Restaurant“- ის ქართული მეტამორფოზა - დაიმსახურებს თუ არა „King David“-ის ახალი პროექტი მიშლენის ვარსკვლავს
„თუ სინგაპურში მოხვდებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ „Meta Restaurant“, სადაც თქვენ გემრიელ და ინოვაციურ კერძებს დააგემოვნებთ“- ასე იწყება ერთ-ერთი ბლოგერის ვიდეო რომელიც თავის მაყურებელს აზიის ტოპ 100 რესტორნის შესახებ უყვება. რესტორანი ასახავს როგორც მუდმივად ცვალებად კვების ინდუსტრიას, ასევე კულინარიული გუნდის ევოლუციურ მიდგომას მენიუსადმი.
იდენტური სახელით რესტორანი უახლოეს მომავალში თბილისშიც გაიხსნება. მაისის შუა რიცხვებიდან შესაძლებლობა გექნებათ, რომ პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექს „King David“-ში „Meta Restaurant“, -ს ესტუმროთ, თუმცა სახელმა არ მოგატყუოთ აზიის ტოპ 100 რესტორანში შემავალ „Meta Restaurant“- თან ქართულ „Meta“-ს საერთო არაფერი აქვს, გარდა სახელისა.
რა კონცეფცია ექნება რესტორანს? რა სტანდარტებზე იქნება გათვლილი და ვინ იქნებიან რესტორნის სტუმრები? ამ კითხვებზე „კომერსანტთან“„King David“- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი საუბრობს. გვიყვება, რომ მენიუს შედგენაზე ბევრი იმუშავეს. ამბობს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლის კმაყოფილებაა, სწორედ ამიტომ მარიამ დვალიშვილის თქმით, რესტორნის სტანდარტები უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული.
„სტუმრებს რესტორანში აზიური, ევროპული, მეტწილად – ფრანგულ-იტალიური და ქართული სამზარეულოს ნაზავი დახვდებათ. ძირითადად, გამოვიყენებთ ქართულ ინგრედიენტებს. ბუნებრივია, სპეციფიკურ პროდუქტებსა და სანელებლებსაც, თუმცა, გვინდა, როცა შესაძლებელი იქნება კერძები ჩვენი, ადგილობრივი პროდუქციით მოვამზადოთ. თითოეულ კერძზე ინდივიდუალურად ვიმუშავეთ. ვსწავლობდით მზა რეცეპტებს, შემდეგ ვამუშავებდით, ვანახლებდით მას და ასე შევადგინეთ მენიუ, რომელიც ჩვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებს. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ყველაფერი ლამაზი, ფერადი და მარტივად აღქმადი ყოფილიყო. თითოეული კერძის შემთხვევაში, ინდივიდუალურად ვამუშავებდით ვიზუალურ მხარეს. გვექნება ფერადი სოუსები. არც ერთი კერძი არ მივა სტუმართან ისე, უბრალოდ. ეს იქნება თეფშზე დახატული, ძალიან გემრიელი, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. ანუ აბსოლუტურად ახალი ვიზუალური მხარის გარდა, კერძებს განსხვავებული გემოვნური თვისებებიც ექნებათ“, - აცხადებს მარიამ დვალიშვილი
პანდემიის პერიოდში, როდესაც სტუმართ-მასპინძლობის სექტორი, რთულ მდგომარეობაში, „King David“-ის გუნდში იმედი აქვთ, რომ რესტორნის ახალი კონცეფცია გასტრონომიულ რევოლუციას მოახდენს და რესტორანს სტუმრების ნაკლებობა არ ექნება.
„ამ რთულ პერიოდში ძალიან ბევრი კომპანია, მით უმეტეს ამ სექტორში დიდ გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მომხარებელს ვთავაზობთ სრულიად ახალ კონცეფციას კერძების სახით, რომელიც ნამდვილად იქნება გასტრონომიული რევოლუცია, ვფიქრობთ გაამართლებს და ნამდვილად საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ჩვენთვის. რესტორანი გათვლილი იქნება ბიზნეს ლანჩებზე, რადგან „King David“-ის A კლასის ბიზნეს ცენტრში, ბევრი წამყვანი კომპანიაა განთავსებული და მათთვისაც ძალიან კომფორტული იქნება ბიზნეს შეხვედრების რესტორანში გამართვა. კომპანიის თანამშრომლებს არ მოუწევთ შენობიდან გასვლა, რაც გარკვეულწილად დიდ კომფორტს წარმოადგენს ყველასთვის“, - ამბობს მარიამ დვალიშვილი.
„King David“- ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რესტორანი იქნება მხოლოდ King David-ის სივრცეში და სხვაგან ფილიალის გახსნა არ იგეგმება. „კომერსანტის“ კითხვაზე ვინ იქნებიან რესტორნის სტუმრები, მარიამ დვალიშვილი გვპასუხობს, რომ „Meta Restaurant“-ის საფასო პოლიტიკა მხოლოდ მაღალი შემოსავლის მომხმარებელზე არ იქნება გათვლილი.
„ბევრი ფიქრის შემდეგ ჩვენი კონცეფცია მოიცავდა შემდეგს, რომ მიგვეღო ყველა ტიპის სტუმარი - ბიზნეს, თუ ლანჩ შეხვედრებისთვის, ან უბრალოდ დასვენებისთვის. ჩვენი რესტორანი არ იქნება მხოლოდ მაღალი შემოსავლის მომხმარებელზე გათვლილი და ფასებიც ყველასთვის მისაღები იქნება. შესაბამისად განურჩევლად მიზნისა ყველას ექნება საშუალება გვეწვიოს და დააგემოვნოს ჩვენი კერძები“, - განუცხადა „კომერსანტს“ მარიამ დვალიშვილმა.
commersant.ge