ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიყვარულზე აღმოცენებული სოფელი - იმოგზაურე იმერეთში და შექმენი შენი იმერული თავგადასავალი
04 ივლისი, 2022

სიყვარულზე აღმოცენებული სოფელი, სადაც კიკნაველიძეების ლეგენდარულ ღვაწლზე მოგიყვებიან

ულამაზესი იმერული სოფელია საკრაულა,  მთებით და ქედებით გარშემორტყმული. დღემდე შემოუნახავს იმერული სოფლის პეწი საუკუნოვანი იმერული ოდა სახლები, კოხტად მოწყობილი კარმიდამო, წყალზე გამართული წისქვილიც კი, სოფელს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის და იმერული ელფერით მოსავს. ტყუილად არ ადარებენ უცხოელები საქართველოს მიწიერ სამოთხეს. დადიხარ  მადლიან მიწა-წყალზე და ქართველობა გეამაყება...

სოფელი საკრაულა, ბაღდათიდან 18 კილომეტრის მოშორებით, საკრაულას ხეობაში მდებარებს. ხეობაში გაედინება მდინარე საკრაულა და ხეობასაც მისი გავლენით მიუღია სახელწოდება... ამ დრომდე, კიკნაველეთის სახელით იყო ცნობილი...

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი:

საკრაულას ხეობა

მდინარე საკრაულა  ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული მდინარეა  საქართველოში. მისი მთლიანი სიგრძე 52 კილომეტრია. მდინარე სათავეს იღებს, ბაღდათის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტის _ ხარაგაულის მიდამოებში მდებარე სამეცხვარიოს მთის მწვერვალიდან (2642 მეტრი ზღვის დონიდან). Eეს გახლავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე ყველაზე მაღალი წერტილი. სამეცხვარიოს მთის ჩრდილოეთით,  ყურადღებას იპყრობს, ბუნებრივი წარმოშობის უნიკალური ქვის სვეტები, რაც ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

იმ ნაწილში, სადაც მდინარე ხეობაში შედის, კვლავ ვაწყდებით ძალიან საინტერესო ქვის სვეტებს. ამ ადგილს, ადგილობრივები მოღობილს ეძახიან; მდინარის ძირითადი ნაწილი, რომელიც ტყის მასივში გაედინება და თითქმის მიუვალია...   

მდინარის ერთ-ერთი შენაკადი გამოედინება რკინის ჯვრის მთიდან. ამ ადგილას, პირველ საუკუნეში, რკინის ჯვარი აღუმართავს ანდრია პირველწოდებულს. მთასაც ამიტომ ეწოდა რკინის ჯვრის მთა. მისი სიმაღლე 2439 მეტრია. წლებია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 12 მაისს,  ამ ადგილს უამრავი მომლოცველი და ვიზიტორი სტუმრობს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის მხარდაჭერით. ჩრდილოეთით აღმართულია მთა ქვაზვინები,  ზღვის დონიდან  2225 მეტრზე. მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ერთნაირი წარმოშობს ქვების სიმრავლე. თივის ზვინებს წააგავს რამდენიმე ქვა და , ადგილობრივებმაც ამიტომ შეარქვეს ქვაზვინების მთა.

მდინარეს აქვს კიდევ ერთი შენაკადი _ ცრუღელე. მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მახლობლად სადაროხის სახელით ცნობილი ნასოფლარი მდებარეობს. დღეს იქ აღარავინ ცხოვრობს, მიუვალი და ნაკლებად პოპულარული ადგილია, თუმცა ისტორიკოსებისთვის და არქეოლოგებისთვის საკმაოდ საინტერესო საკვლევ ობიექტს წარმოადგენს...

 ხეობაში კიდევ რამდენიმე სოფელი  გვხვდება წიფა, ზედა და ქვედა ზეგანი. მდინარის მარცხენა მხარეს, ულამაზეს პატარა სოფელს ნებიერეთს დაათვალიერებთ. კლასიკური, ძველ სტილზე კარგად შემორჩენილი სოფელია და სწორედ ესაა მისი ხიბლი...    წიფის მონაკვეთზე, ყურადღებას იპყრობს ულამაზესი კანიონი. მდინარის ეს მონაკვეთი წლის ნებისმიერ მონაკვეთში საინტერესოა ექსტრემისა და თავგადასავლების  მოყვარულებისთვის. გაზაფხულზე, წყლის დიდი ნაკადის დროს შესაძლებელია ჯომარდობის მოწყობაც.  სოფელ ზეგნის მონაკვეთზე, მდინარის მარჯვენა მხარეს, გვხვდება ულამაზესი ჩანჩქერი, თუმცა მისი არსებობის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივებმა იციან... ხეობის მცირე ფრაგმენტი, ზედა დიმის ნაწილშიც შედის და შემდეგ უერთდება ხანისწყალს... სწორედ ამ ადგილას გვხვდება, ბუნებრივი წარმოშობის სეპტარიები, რომელსაც რომელსაც ბუნება წლების მანძილზე ალამაზებდა...

_ გამოდის, რომ ხეობა და სოფელი ტურისტულადაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია...

_ დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, საკრაულას თემი საკმაოდ მრავალრიცხოვანი  ყოფილა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მაცხოვრებელთა რაოდენობა 4000 კაცს აღწევდა. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ რამდენიმე ათეული ოჯახია შემორჩენილი. საკრაულას მიმართულებით სრულდებაა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,  კეთდება ასფალტირებული გზა და გარკვეულ პერსპექტივებს ესეც გამოაჩენს. მოასფალტებული გზის საშუალებით, ქუთაისიდან საკრაულა, ერთ საათის სავალზეა და მიმოსვლაც გაადვილდება...

ხეობაშიც და სოფელშიც მრავლადაა თავდაცვითი დანიშნულების ციხეები და კოშკები; რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია, საკრაულიდან, სამშრალიას მთით და ადგილ ვაკნარის გავლით, ზესტაფონთან დაკავშირებაცაა შესაძლებელი. მაღალი გამავლობის მანქანით, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება ზესტაფონიდან უმოკლესი გზით საკრაულას ხეობაში ამოვიდეს ვიზიტორი და აქედან სურვილი მიხედვით გააგრძელოს გზა ხარაგაულისკენ, ან ქვემოთ ჩაუყვეს ხეობას, ჩავიდეს ბაღდათში და გაუყვეს გზას ვარციხის მიმართულებით, ან ობჩა-სვირის ცნობილი ისტორიული და სამხედრო გზით ისარგებლოს. ასეთი ლამაზი და დახუნძლული წრიული მარშრუტი, საქართველოში ბევრ ხეობას არ აქვს.

გოჩა ხორავა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების მენეჯერი:

სიყვარულზე აღმოცენებული სოფელი

ლეგენდის თანახმად, სამი საუკუნის წინ, სოფელ ღორეშაში ცხოვრობდა წარმოსადეგი ვაჟკაცი, ყარამან კიკნაძე, მთელს იმერეთში განთქმული მხედარი და მონადირე. ყარამანს თავდავიწყებით შეჰყვარებია, სოფელ უბისაში მცხოვრები, თავად ანდუყაფარ აბაშიძის ქალიშვილი _ ელენე. ელენეც თანაუგრძნობდა შეყვარებულ ვაჟკაცს... მათი სიყვარულის ამბავი ანდუყაფარმაც შეიტყო და ქალიშვილი სახლში გამოკეტა. საკუთარი ძალისხმევით, რომ ვერაფერს გახდა, შეყვარებულმა ყარამანმა, უბისელი მღვდლები და თავადი ორჯონიკიძე მიუგზავნა თავად აბაშიძეს. კოპები შეყარა თურმე გაგულისებულმა ანდუყაფარმა, ჩვეული იმერული სტუმართ-მასპინძლობის წესიც დაივიწყა და სტუმრები შეურაცხყოფილი გააბრუნა უკან...

მხოლოდ შეყვარებულ გულს ვერ მოერია გაგულისებული მამა: მალე, ელენემ, მოახლის პირით შეუთვალა ყარამანს, მამაჩემი ღვანკითელმა ბაგრატიონმა მიიწვია სანადიროდ. წასვლას რომ დააპირებს, შეგატყობინებ, ორი ცხენით მოდი და გავიპაროთო... ამასობაში, ანდუყაფარს მშვენიერი საქმრო შეურჩევია ელენესთვის _ თავად ამილახვართან განუზრახავს დამოყვრება. ელენემ ავადმყოფობა მოიმიზეზა და ნიშნობა გადაიდო. დრო  კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და შემოდგომის პირზე სახლიდან გაიპარა. მის კვალსაც ვერსად მიაგნეს... გაზაფხულზე, საძოვრებზე გასული მწყემსები, მდინარე საკრაულას ხეობაში, ყარამანს და ელენეს წააწყდნენ. მეგობრების დახმარებით, მდინარის სანაპიროს გაშლილ ველზე, ბედნიერ წყვილს მშვენი სამოსახლო გაემართათ. მალე პირველი მემკვიდრე მურზაყანიც მოევლინა ქვეყანას. ახალშობილი კიკნაძის ნაცვლად კიკნაველიძედ ჩაუწერიათ. რადგან პირველმოსახლე ყარამან კიკნაძე დასახლდა  მდინარის სანაპიროს ულამაზეს ველზე, სოფელსაც კიკნაველეთი უწოდეს...

სოფლის წარმოშობის შესახებ, კიდევ ერთი ვერსია არსებობს : საკრაულას ხეობაში სამი ძმა კიკნაზე დასახლებულა. მთელი ეს ტერიტორია, ველები მათ საკუთრებად იქცა. მოშენდა და მომრავლდა კიკნაძეთა მოდგა. სოფელს კიკნაველთი ეწოდა, ხოლო კიკნაძეებს კიკნაველიძეები.

ბევრი სახელოვანი მამულიშვილი აღუზარდა საკრაულამ საქართველოს. სოფელში განსაკუთრებით ძმები კიკნაველიძეები ეამაყებათ...

ყარამანი, ნიკოლოზი, შალვა, მანუელი ამ სახელებს  დღესაც ტკივილნარევი სიამაყით იხსენებენ საკრაულაში... სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ძმების სახელს, უამრავი ქველი საქმე უკავშირდება... ძმები კილნაველიძეების სახელი, არა მარტო საქართველოში, ირანშიც იყო ცნობილი... სწორედ მათი სახელის უკვდავსაყოფად ატარებს, ბარბოვის ქუჩის მოპირდაპირე ქუჩა, ძმები კიკნაველიძეების სახელს ...

გოჩა ხორავა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების მენეჯერი:

_ ყარამანმა,  1905 რევოლუციის პერიოდში, თანასოფლელი ახალგაზრდები შემოიკრიბა და მეფის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, ორასკაციანი საიდუმლო წითელი რაზმი შექმნა. საკრაულაზე გადიოდა სამხედრო გზაც. სოფელში ახლაც იხსენებენ, როგორ მოადგა ქართველთა მოძულე, გენერალ ალიხანოვის დამსჯელი რაზმი კიკნაველეთს, კიკნაველიძეების გასანადგურებლად. ყაზახ შავრაზმელებს რევოლუციის ჩახშობა ჰქონდათ დავალებული და სასტიკად უსწორდებოდნენ რევოლუციონერებს...

წითელრაზმელებმა, აფრასიონ მერკვილაძის ჯგუფთან ერთად, ტყეს შეაფარეს თავი. შტაბი მაღალ მთაზე  შუბიქედზე ჰქონდათ მოწყობილი. გაიხიზნა მოსახლეობაც. სოფელში მხოლოდ მოხუცები და ბავშვები დარჩნენ. დაიწყო ეგზეკუცია. დამსჯელი რაზმი ყარამანის ახლად აგებულ სახლში დაბანაკდა. მათ ყარამანის დაჭერა ჰქონდათ განზრახული.  სოფლის გადაწვით იმუქრებოდნენ. ამ დროს, წერილი მიუტანეს თურმე ალიხანოვს,  სადაც ეწერა _ თხუთმეტი წუთი გაქვთ სოფლიდან გასასვლელად, თორემ ვერცერთ ცოცხალი ვერ გადარჩებითო. სოფლის ირგვლივ საშინელი სროლა ატყდა. ყაზახები ალყაში იყვნენ მოქცეულები. ჯარი აიყარა და სოფელი დატოვა...

რამდენიმე თვეში, ყარამანმა ძმებთან ერთად საქართველო დატოვა და სპარსეთში გადაიხვეწა. ირანში ხე-ტყის ბიზნესი წამოიწყეს და საკმაოდ წარმატებული მეწარმეები გახდნენ...

გამორჩეული ქველმოქმედი იყო ყარამანი. უდიდესი წვლილი მიუძღვის, თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში: 1917 წელს,  თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელ კრებაზე შესულა და ივანე ჯავახიშვილისთვის კონვერტში ჩადებული ასი თუმანი (იმ დროს უზარმაზარი თანხა) გადაუცია. თანხასთან თან ახლდა წერილი, სადაც მადლიერებას და იმედს გამოთქვამდა ამ უდიდესი საშვილიშვილო საქმის წამოწყების გამო; შემდეგ უნივერსიტეტისთვის მიწის ნაკვეთიც შეიძინა, სტუდქალაქის დასაარსებლად, სოფლიდან ჩამოსულ ხანმოკლე ოჯახის შვილებს თავშესაფარი რომ ჰქონოდათ. სტუდენტობის პერიოდში მეც იქ ვცხოვრობდი...

კიკნაველიძეების ქველი საქმეების და მამულიშვილური ღვაწლის ჩამოთვლაც კი შეუძლებელია, ვინ იცის კიდევ რამდენ სიკეთეს მოუტანდნენ საკუთარ სამშობლოს, რომ არა ის საშინელი ტრაგედია, რომელმაც ა მთელი საქართველო შეძრა...

ავტორი: შორენა მერკვილაძე

ფოტო: გოჩა ხორავა

ამბავს განვაგრძობთ


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.