ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოფელ ომალოში "მეცხვარის დღე – თუშეთობა 2017“ გაიმართება
07 აგვისტო, 2017

"მეცხვარის დღე – თუშეთობა 2017“ სოფელ ომალოში, ვიზიტორთა ცენტრის პარკში 12 აგვისტოს გაიმართება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ,,მეცხვარის დღესთან,, დაკავშირებით დაგეგმილია კულტურულ–სპორტული ღონისძიებები, მათ შორის: ვიზიტორთა სახლში გაიმართება შეხვედრა თუშ მეცხვარეებთან, მოხდება ახალგაზრდა და გამოცდილი მწყემსების დაჯილდოვება. ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფებისა და მიწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.


გაიმართება მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ყველის ამოყვანა, მატყლის დართვა, ქსოვა, თუშური ნაგაზისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, თუშური სიმღერების ფონზე, მონაწილეობა მიიღონ თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ხავიწი, გორდილა, კოტორი, ქუმელი, გუდის ყველი და ხინკალი.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად იგეგმება სპორტული ღონისძიებები: მშვილდოსნობა, ბაგირის გადაწევა, ნაბადზე ხტომა, დოღი. ღონისძიებები 21:00 საათზე ფრანების გაშვებით დასრულდება.

ფესტივალის მიზანი თუშეთის პოპულარობის გაზრდა, რეგიონში ეკო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაა.

www.ipress.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.