კიდევ ერთი ახალი ძეგლი სოფელ საროში,ასპინძის მუნიციპალიტეტი!
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. საროში მდებარე პეტრე მაღრაძის დარბაზული ტიპის მესხურ სახლს 2017 წლის 1 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სახლი ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურვა ხის ძელებისაა, რომლებიც ხისავე სვეტებს ეყრდნობა. უკანა მხარე მიწაშია ჩასმული. შედგება კარაპანის, დერეფნის, ახორის, საბძელის, დარბაზის და საკუჭნაოსაგან. კარაპანი ხის სვეტებსა და გადახურვაზე დაყრდნობილი ღია დერეფანია, რომელიც სახლს წინიდან აქვს მიდგმული (მოგვიანებით კარით დაუხურავთ). აქედან ხვდებოდნენ დერეფანში, რომლიდანაც გასასვლელია ახორში. დერეფნის მარცხენა მხარეს მარცვლეულის შესანახი ხაროებია ამოყვანილი. ახორის იატაკის შუაში ქვაფენილის სადრენაჟეა მოწყობილი. მის თავზე კი ხის გადახურვაში ოთხკუთხა საკვამურია დატოვებული.
ახორის მარჯვნივ პატარა საბძელია გამართული. ახორიდან დარბაზშია გასასვლელი. დარბაზი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი, მარცხენა მხარეს კედელთან ქვევრებია ჩაყრილი. დარბაზის ცენტრალურ ნაწილს რვაკუთხოვანი გვირგვინოვანი გადახურვა აქვს, რომელიც ამდენივე სვეტს ეყრდნობა.
დარბაზის უკანა კედელში ფურნეა ჩაშენებული. ის თაღოვანი ნაგებობაა, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან - საცეცხლე-სანაცრესგან და საცხობი ნაწილისგან. დარბაზში ინახება ეთნოგრაფიული ყოფის ნიმუშები. მათ შორისაა ქვის სამარცვლე, ქვაში ნაკვეთი ბუხრის თაღოვანი პირი და სხვა.