სოფელ შალაურში ქვევრის ფორმის კოტეჯები და სასტუმრო აშენდება, როგორი იქნება სასტუმრო „ქვევრი“?!
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ბიზნეს კლასის სასტუმრო “ქვევრი” გაიხსნება.
იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელი ბიზნესმენი, გიორგი კლდიაშვილი განმარტავს, რომ ეს იქნება სრულიად განსხვავებული კონცეფციის კოტეჯები და ადგილზე მისულ ტურისტებს ქვევრის ფორმის ნომრებში განათავსებენ.
გიორგი კლდიაშვილი ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა აპრილში დაიწყება და მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება. კოტეჯებისა და სასტუმროს გარდა, 3 ჰექტარზე მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ბარი, მარანი, სპა, ტერასა, საბავშვო და დიდი აუზები.
,,როგორც კი ბანკებთან დავასრულებთ პროექტის დაფინანსებაზე მოლაპარაკებების პროცესს, დაფინანსებისთანავე დავიწყებთ მშენებლობას. პროექტის ფინანსდება პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებშიც. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი დონის სასტუმრო. მთლიანი ტერიტორია 3 ჰექტარია.
კომპლექსში შედის მთავარი შენობა, სადაც არის 15 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული კერძების რესტორანი, ბარი, ტერასა, აუზები, საბავშვო გასართობი ადგილი. სასტუმროს ტერიტორიაზე გავაშენებთ ყურძენს და სრულად გავამწვანებთ’’,- აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
კომპლექსში ჩვეულებრივი ნაგებობის გარდა, ქვევრის ფორმის კოტეჯები შედის.
,,რაც შეეხება სივრცის განსხვავებულ კონცეფციას, 15–ნომრიანი ძირითადი შენობა და ნომრების სახით წარმოდგენილი 20-მდე ქვევრი იქნება. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ ამით ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს”, – ამბობს კლდიაშვილი.
მისივე თქმით, ქვევრის ფორმის კოტეჯი, დაახლოებით, 30 კვ/მ. მყარი და გამძლე ნაგებობა იქნება, რომელიც აღჭურვილი იქნება თერმორეგულაციით, ინტერნეტით და სხვა სახის კომუნიკაციებით.
,,ქვევრის ფორმის კოტეჯებს ექნება 2.5 მ/3მ-ზე ვიტრაჟული შესასვლელი, საიდანაც პირდაპირ იშლება ხედი კავკასიონსა და ალაზნის ველზე. შალაური თელავის ცენტრიდან ხელის გულივით მოჩანს. ამიტომ, განათებული ქვევრები ძალიან ლამაზი სანახავი იქნება ქალაქიდან. ამ კონსტრუქციას გარედან ექნება ქვევრის ფორმა, შეფერილობა და ვიზუალი. ინტერიერზე უკვე ვმუშაობთ. ოთახები საერთო კონცეფციას დაუკავშირდება და ქართული კულტურისა და ღვინის ელემენტებით იქნება გაჯერებული.’’
მისივე განმარტებით, იდეის მთავარი მიზანია ხელი შეეწყოს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას. ქვევრის ფორმის კოტეჯები ძირითადად, ტურისტების მისაღებად იქნება გათვლილი.
Knews.ge