ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
10 მაისი, 2018

საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან.

უდაბნოში მოსახლეობის რაოდენობა 600 ადამიანს არ აღემატება. ცენტრი ისეთივე მომსახურებასა და მაღალ ხარისხს შესთავაზებს მოქაქლეებს, როგორიც იუსტიციის სახლებსა და დიდ საზოგადოებრივ ცენტრებშია.

ამ ეტაპზე პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად. 

უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში დაეხმარება, 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას გაუმარტივებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. უდაბნოსა და მისი მახლობელი სოფლის მცხოვრებთ პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში ჩასვლა აღარ მოუწევთ.

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. სოფელი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ ესაზღვრება სამონასტრო კომპლექს - დავითგარეჯს.

საზოგადოებრივი ცენტრის მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული მუნიციპალური ცენტრებიდან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.