ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოფელ ვაზისუბანში ბუტიკის ტიპის სასტუმრო გაიხსნება
18 ივნისი, 2018

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ვაზისუბნის მამული" კახეთში სასტუმროს გახსნის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ელენე ოთარაშვილი knews-ge-სთან ამბობს, რომ სასტუმრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, მე-19 საუკუნით დათარიღებულ, სულხან ჭავჭავაძის სასახლეში შენდება.

სასტუმროს დიზაინსა და არქიტექტურაზე ბრიტანელი სპეციალისტები მუშაობენ.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, ამიტომ როგორც ოთარაშვილი ამბობს, მთლიანად არის შენარჩუნებული სასახლის ფასადის პირვანდელი სახე.

„ვინაიდან სასახლის ავეჯი არაა შემონახული, ეპოქის და ისტორიული წყაროების გათვალისწინებით, სასტუმროს ინტერიერისთვის საჭირო ნივთებს, ნახატებს და ავეჯის ნაწილს ინგლისში, პრესტიჟულ აუქციონებზე (Mallams, Moore Allen & Innocent) ვყიდულობთ”, - ამბობს ელენე ოთარაშვილი.

სასტუმროს გარს აკრავს 140 წლის წინ, სულხან ჭავჭავაძის მებაღეების მიერ გაშენებული, ინგლისური ბაღი, სადაც მოეწყობა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა: რესტორანი, აუზი კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, ტერასა, ბაღი და ა.შ. მიმდებარე ტერიტორიაზე 7 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაშენდება ბოსტნეულის ბაღი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოიყვანენ. 

კომპანია "ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს. მათი მთავარი მიზანია, აღადგინონ თავად სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი მეურნეობა და ადგილ-მამული.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.