სოფ. ლიბანში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ლიბანში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობას 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
რთული გეგმის მქონე შენობა (სანატორიუმი ,,ლიბანი“) მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ხშირი ტყით დაფარულ ლიბანის პლატოზე, ზღვის დონიდან 1368 მეტრზე.
სანატორიუმი ლიბანი აშენებულია XIX საუკუნის I ნახ. მის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკოლოზ გეგეჭკორს (ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე). ნ. გეგეჭკორი იყო პირველი დირექტორი სანატორიუმის, რომელიც ტუბერკულიოზთან ბრძოლის პირველ მძლავრ კერას წარმოადგენდა.
შენობა ამპირის სტილშია აშენებული (არქოტექტორი მ. კალაშნიკოვი).
შენობის მთავარი კორპუსი სიგრძეში 153 მეტრია და სამი სართულისაგან შედგება. ნაგებობის მეორე სართულზე 80 ოთახია.