ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოფელი თავისი ისტორიით - ჭაჭკარში, საიდანაც ვარძიის სამეურნეო მარაგი ივსებოდა, მესხური ჯიშის ვენახი აღდგება
11 მაისი, 2018

სოფელი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით და ტერასული ვენახები, – ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაჭკარს თავისი ისტორია აქვს.

ჭაჭკარიდან ვარძიის სამეურნეო მარაგი ივსებოდა – კლდეში ნაკვეთ საწნახელებში კი დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში შემორჩენილია დაზიანებული ტერასები და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელი და ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჭაჭკარში სტუმრობისას აღნიშნა, ჭაჭკარში მესხური ჯიშის ვენახის აღდგენა დაიწყება. 

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაჭკარს 2016 წელს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მაია ცქიტიშვილმა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავიტაშვილთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტში აღდგენილ ტერასებზე ახლად გაშენებული ვენახები დაათვალიერეს. ვენახები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე დაცული ჯიშებით „თიბისი“ ჯგუფმა აღადგინა. ტერასებზე გაშენებული ვენახი რეგიონისთვის დამახასიათებელ მიკროგარემოს ქმნის.

სოფელ ზიკილიაში, მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ყურძნის ჯიშების კოლექციონერის, ემზარ გაჩეჩილაძის მიერ ახლად გაშენებული ვენახები დაათვალიერეს, სადაც სანერგე მეურნეობაც არის მოწყობილი, რაც იშვიათი მესხური ჯიშების გავრცელების საშუალებას იძლევა. ემზარ გაჩეჩილაძე გაშენებული მესხური ჯიშის ყურძნისგან – მესხური მწვანე, სამარიებო, ასპინძური შავი და საფარულა ღვინოს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე უკეთებს რეალიზებას.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელიც არსებული შესაძლებლობების ბოლომდე ათვისებასა და ისტორიული ადგილების გაცოცხლებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, მსგავსი აქტივობა აუცილებელია ვიზიტორების დაინტერესების, ადგილობრივების დასაქმებისა და რეგიონების ეკონომიკური წინსვლისთვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.