სოფლად მცხოვრები ქალების აგრომეურნეობაში აქტიურად ჩართვის მიზნით პროგრამა ამოქმედდება
სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, სპეციალური პროგრამა შეიქმნება.
პროგრამა გენდერული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშავდება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალების სოფლის მეურნეობის დარგში აქტიურ ჩართვას.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან“ გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი, დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, პროგრამის დიზაინზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება და მისი ამოქმედება 2022 წლის დასაწყისიდან იგეგმება. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება საპილოტე მუნიციპალიტეტებში სასათბურე მეურნეობების შექმნას, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს წაახალისებს გახდნენ მეწარმეები და შექმნან საკუთარი სათბურები.
“გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, წინა მოწვევის პარლამენტში ჩავატარეთ თემატური მოკვლევა, სახელმწიფო პროგრამებში ქალების მონაწილეობის შესაძლებლობებსა და ბარიერებზე. ნათლად გამოიკვეთა, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში არის ბევრი ბარიერი, რის გამოც ქალები ვერ იღებენ მონაწილეობას, მათ შორისაა მიწის ფლობის ფაქტორი. ქალების დიდ ნაწილს, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში პროცენტულად ძალიან დაბალი მონაწილეობა აქვთ აქტივების და კაპიტალის ფლობაში, მათ შორის მიწის რესურსსაც ვგულისხმობ. შესაბამისად, ამ მოკვლევის ფარგლებში გავეცით რეკომენდაცია, რომ გაკეთდეს ქალებზე მორგებული ცალკე პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს იმ სპეციფიფიურობას, რომლებსაც ქალები აწყდებიან. პროგრამის დიზაინის ისე იქნება შედგენილი, რომ ქალებს გაუადვილდეთ სოფლის მეურნეობაში ჩართვა.
მიმდინარე კვირაში განვიხილეთ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის დიზაინი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
დიდი ალბათობით, პროგრამა 2022 წლის დასაწყისიდან ჩეშვება, რადგან იქამდე მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ეს პროგრამა ასახავს რეალურად ქალების საჭიროებებს, მეორე მხრივ უქმნის შესაბამის გარემოს, მონაწილეობა მიიღონ მასში და შემოვიდნენ სოფლის მეურნეობის დარგში.
პროგრამის დეტალები დასაზუსტებელია, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად განვიხილავთ სათბურების დაფინანსებას, რადგან ამ შემთხვევაში არ იქნება აუცილებელი დიდი ფართობის მიწის ფლობა. ქალების ფიზიკური ძალის დახარჯვის პირობებში სათბურის მოვლა-პატრონობა გაცილებით მარტივად წარმოგვიდგენია. ამასთან, ამას არ სჭირდება დიდ ტექნიკასთან წვდომა, რაც ასევე ფინანსებთან არის დაკავშირებული. ბევრი სხვა კომპონენტიდან გამომდინარე, ყველაზე მისაღებად ამ ეტაპზე ჩაითვალა სათბურები, თუმცა პროექტის დიზაინს ჯერ საბოლოო ფორმა არ აქვს, ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში დასრულდება“,- აღნიშნა ნინო წილოსანმა.
რა ფორმით მოეწყობა საუბარი, დეპუტატის თქმით, ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა.
“ვფიქრობ, იყოს საოჯახო მეურნეობა, რომელსაც ცოლი და ქმარი ერთად ფლობს, თუმცა გვინდა, რომ პროგრამით ქალმა ისარგებლოს. მინიმალური მიწის ფართობის საჭიროებაა, შესაბამისად ვფიქრობთ, საკარმიდამო მიწაც დასაშვები იქნება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დეპუტატის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს საპილოტე მუნიციპალიტეტების შერჩევაზეც, სადაც ეს პროგრამა განხორციელდება.
“პირობითად, თუ საბოლოოდ სათბურები გადაწყდება, მუნიციპალიტეტების შერჩევისას, ამოსავალი წერტილი იქნება სასათბურე მეურნეობებისთვის კარგი კლიმატური პირობები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისი ინფორმაციით, პროგრამის ძირითადი დონორი გაეროს ქალთა ორგანიზაცია იქნება, თუმცა დაფინანსებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც განსაზღვრულია.
“პროგრამაში სახელმწიფოს მონაწილეობის კომპონენტი ჯერ კიდევ ღიაა და ჩემი პირადად, გენდერული საბჭოს და პარლამენტის მონაწილეობით ფინანსთა სამინისტროსთან ამ თემაზე კომუნიკაცია გვექნება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
business-partner.ge