,,სავსე ხურჯინი“ კახურ საოჯახო ნობათს მომხმარებელს საქართველოში, ლონდონსა და აშშ–ში აწვდის
,,სავსე ხურჯინი“ ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ნატურალური, ქართული პროდუქციის მოყვარულებს საოჯახო ნობათს კახეთიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის. პროდუქციის გაგზავნა შესაძლებელია საზღვარგარეთაც - ლონდონსა და ამერიკის ნებისმიერ შტატში, ასევე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
ჩირი, ჩურჩხელა, მურაბები, თაფლი, ალკოჰოლური სასმელები, სამკურნალო და იმუნიტეტის ასამაღლებელ პროდუქტები - 6-მდე დასახელების სურსათი ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და 100%-ით ქართულია.
როგორც მეწარმე თინათინ გულხადარაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, მომხმარებლის მოთხოვნა სოფლის ნატურალურ პროდუქტზე სულ უფრო მატულობს. შესაბამისად, ოჯახში წარმოებული პროდუქცია დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სახის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის არჩევისა და შეძენის საშუალებას აძლევს.
,,საოჯახო საწარმოს წარმოვადგენთ, ვაწარმოებთ მხოლოდ ტრადიციულ ქართულ პროდუქციას. ამ საქმეში აქტიურად ვართ ჩართული ოჯახის ოთხივე წევრი - მე პირადად, და და დედ-მამა. თუმცა, თუ გვჭირდება მუშახელის დამატება, სეზონურად რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც ვახერხებთ. ძირითადად გვაქვს ჩურჩხელა, ჩირი, ტყლაპი და სხვა დასახელების პროდუქტები. ნედლეული ოჯახისაა, რასაც ვაწარმოებთ და მოთხოვნის შესაბამისად, ონლაინ ვყიდით პროდუქციას. მყიდველისთვის ხელსაყრელი თუ არის, ვყიდით ხილს ხილად, ნაწილს - ჩირად გადავამუშავებთ. ჩვენი საქმიანობა ინტერესს იწვევს იმ მხრივაც, რომ არ ვამატებთ შაქარს, მარილს და ქიმიურ ემულგატორებს, 100%-ით ეკოლოგიური პროდუქტია. მოგვმართავს ბევრი ადამიანი, ვინც გვიცნობს, წლობით მოიხმარს ჩვენს პროდუქტს და გვენდობა. ყველა, ვინც ქართულ, ეროვნულ წარმოებას აფასებს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ თინათინ გულხადარაშვილი.
კახელი მეწარმის თქმით, საოჯახო ბრენდი ,,სავსე ხურჯინი“ პანდემიამდე აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებსა და გამოფენებში, თუმცა კოვიდ-19-ის პირობებში მთელი აქცენტი წარმოებასა და ონლაინ გაყიდვაზე კეთდება.
სამომავლოდ შესაძლებელია „სავსე ხურჯინები“ ექსპორტზეც გავიდეს. თინათინ გულხადარაშვილს ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ განახორციელებს ამ მიზანს, თუმცა წინასწარ იცის, რომ საორიენტაციო ბაზარი იქნება ევროპა, რომელიც ნატურალური პროდუქტის ყველაზე დიდი შემფასებელი და მომხმარებელია.
რაც შეეხება ფასებს, ოჯახური ჩურჩხელის საშუალო ფასი 3 ლარია, ჩირის კოკლოზინა 1,5 ლარი ღირს. დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს შეუძლია სასაჩუქრე კალათის შეკვეთაც, რომლის ღირებულება 70 ლარის ფარგლებშია.
საოჯახო საწარმო და ონლაინ მაღაზია ,,სავსე ხურჯინი“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა.
commersant.ge