ქართველი მეღვინეების იუმორით შეფასებული სომეხი კოლეგის განცხადება – “სომხებს ხარისხიანი ღვინო სად აქვთ?“
სომეხი მეღვინეების განცხადებას ქართველი მეღვინეები არასერიოზულს უწოდებენ და „კომერსანტთან “კომენტარსაც ხუმრობის ტონით აკეთებენ.
“საქართველო, როგორც კონკურენტი, ჩვენთვის წარსულშია.სომხური ღვინო უკვე ის არ არის, რაც ხუთი წლის წინ იყო. ის ბევრად შეიცვალა, გახდა უკეთესი და ხარისხიანი. ჩვენ ხარისხით ჩვენს მეზობლებს ვუსწრებთ და შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ იტალიურ, ფრანგულ, ამერიკულ, ახალზელანდიურ ღვინოებს,” – თქვა სომხეთის ეროვნული მეღვინეობის ცენტრის თავმჯდომარემ ავაგ არუტუნიანმა “სპუტნიკთან” საუბარში.
„ყვარლის ღვინის მარანის“ დამფუძნებელი თამაზ წიტრიაშვილი განმარტავს, რომ ქართული ღვინის ხარისხი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა. ამიტომ სომეხი მეღვინეების განცხადება ცოტა არასერიოზულია.
„ქართული ღვინო ხარისხიანია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ მდგრადია, მეტი ხალისი აქვს. სომეხ მეღვინეებს რაც შეეხება, მათიც მესმის, აბა, ვინ იტყვის ჩემი შვილი ცუდიაო. ისე, ეგენი აქ ყიდულობენ ღვინოს,“ — აღნიშნავს წიტრიაშვილი.
სომეხი მეღვინეების განცხადება არასერიოზულად ეჩვენება ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუმის“ ხელმძღვანელ აკაკი ცოფურაშვილს. მისი განცხადებით, ქართული ღვინო მუდმივად დიდ წარმატებას აღწევს ევროპის ყველა ქვეყანაში, შესაბამისად, სომეხი კოლეგების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები ქართული ღვინის იმიჯს ვერ შელახავს.
„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის“ დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილის თქმით, იმაზე საუბარი, რომ სომხურ ღვინოს ქართული კონკურენციას ვერ გაუწევს, არასწორია. მისი განმარტებით, სომხები აქეთ ახდენენ ქათული ღვინის ფალსიფიცირებას და ჩვენი ბრენდებით ფონს გასვლას ცდილობენ.
„ჩემი ბაზარი შვეიცარიაა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი კონკრენტუნარიანია იქ ქვევრის ღვინო, რომ სომხური ახლოსაც ვერ მოვა. სომხებს ხარისხიანი ღვინო სად აქვთ?“ — აცხადებს ალადაშვილი.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ. კომენტარს არ აკეთებენ არც „ღვინის ტურიზმის ასოციაციაში“.
როგორც ცნობილია, 2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 52% (268724), ჩინეთი – 12% (281229), დიდი ბრიტანეთი – 110% (7800) და აშშ – 1639% (62609); ასევე ევროპის მიმართულებით: გერმანია – 235% (63210), შვედეთი – 100% (9000), ბულგარეთი – 6% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: აზერბაიჯანი – 100% (5790), მონღოლეთი – 100% (66012), რუსეთი – 30% (4602218), ბელარუსი – 100% (43272) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (4602218), უკრაინა (553164), ჩინეთი (281229), პოლონეთი (268724) და ყაზახეთი (156120). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 96-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 2% შეადგინა.
commersant.ge