ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ბევრ სიკეთეს მოგვიტანს და ამას ბიზნესი 6-12 თვეში საკუთარ თავზე გამოცდის - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საუბრობს.
მისი თქმით, მომავალი წლის დასაწყისში ასოციაცია წევრ კომპანიებთან ერთად წარადგენს ვრცელ კვლევას, თუ რა გავლენა ექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ბიზნესზე.
„თუ შევხედავთ საქართველოს უახლეს ისტორიას, სადაც ქართული ბიზნესი სამი ათეული წლის არის, ვნახავთ, რომ ჩვენ ვიზრდებოდით, მაგრამ, ახლა თვისებრივად განსხვავებულ ეპოქაში შევდივართ. იმ ქვეყნებში, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი, თითქმის 5-10-ჯერ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ახლა გვაქვს 2.1 მლრდ-ის ინვესტიციები და ბიზნესმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს, თუ ეს მაჩვენებელი 5-ჯერ და 10-ჯერ გაიზარდა. ეს არის ის, რაც მოხდა სხვა ქვეყნებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაშიც ასე იქნება.
ეს ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს, ტექნოლოგიების ტრანსფერს ევროპული ქვეყნებიდან, ეს ნიშნავს, რომ ქართული ბიზნესი უფრო მეტად ინტეგრირებული იქნება ევროპის ერთიან ბაზართან. ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ რაც შეეხება ბიზნესს და მის მასშტაბებს - როდესაც წვდომა გვექნება ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რასაკვირველია ეკონომიკის მასშტაბები გაიზრდება და ბიზნესს საშუალება ექნება, რომ როგორც საკუთარ ბაზარს, ასევე, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებს მოემსახუროს. ძალიან ბევრი სიკეთეები იქნება და მე პირადად, ვფიქრობ, რომ 6-12 თვეში ამას ძალიან ბევრი ბიზნესი უკვე საკუთარ თავზე გამოცდის და იგრძნობს“ - განაცხადა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკებები და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
ამ დროისთვის ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობის შედეგები ასეთია: 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ტურიზმში ევროკავშირის წილი 11%-ია, ექსპორტში - 12%, იმპორტში - 24%, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი - 43%.
bp.ge