King David-ის მფლობელის, ბიზნესმენ სოსო ორჯონიკიძის განცხადებით, ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს ჯერ არ ააშენებს.
დამატებითი განმარტების გაკეთება ბიზნესმენს „საქმის კურსთან“ მას შემდეგ მოუწია, რაც ამ თემაზე bm.ge-ისთვის მიცემული პირველი ინტერვიუს შემდეგ ვარძიაში მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობის პროექტს ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა „რუსთავის 2“-ის გადაცემა „P.S.”-ში, სადაც აღნიშნული იყო, რომ აკრძალვისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ვარძიის კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, თან იმ ფონზე, როცა ვარძიის ისტორიული ძეგლი იუნესკო-ს სიაში მოსახვედრად ემზადება.
„სანამ ვარძიას განაშენიანების გენერალური გეგმა არ ექნება, სასტუმრო არ აშენდება“, – ირწმუნება ბიზნესმენი.
“2018 წლის იანვარში, როცა ყველანი ერთად შევიკრიბეთ, ჩვენ ვუთხარით, რომ კონკრეტულად განსაზღვრული გვაქვს ასეთი იდეა და ვაჩვენეთ კიდეც, რას ვაპირებდით. ჩვენი წინადადება ვარძიის გენერალურ გეგმაში გაითვალისწინეს. ჩვენ დავაფიქსირეთ ისიც, რომ ვგეგმავდით სასტუმროს მშენებლობას მომავალში. სანამ გენერალური გეგმა დამტკიცებული არ იქნება, არც მოთხოვნა შეგვიტანია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ სასტუმროს ჯერ არ ვაშენებთ, 1 კვადრატულ მეტრზეც ვერ ნახავთ მომზადებულ ფუნდამენტს. იქ არის მარტო გაკეთებული ტერასები. რაც შეეხება საყრდენ კედელს, ამ კედლის ნასახს კაციშვილი ვერ დაინახავს. ის დარჩება შიგნით. სამაგიეროდ, ერთხელ და სამუდამოდ გზა იქნება დაცული, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ზემოდან და არავითარი ჩამოშლა აღარ მოხდება“, – აცხადებს ბიზნესმენი სოსო ორჯონიკიძე.
ორჯონიკიძის პროექტი ვარძიაში 120-ნომიანი სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს; პროექტის ჯამური საინვესტიცი ღირებულება 10-12 მლნ ლარია, მაგრამ ორჯონიკიძე არ გამორიცხავს, რომ ეს თანხა გაიზარდოს.
„ეს იქნება სასტუმრო დაახლოებით, 120 ნომერზე, ძირითადად შეფენილი იქნება ფერდობზე, რომელიც დგას ზუსტად იმ ღერძზე, სადაც სალოცავია. ჩვენ ალბათ უახლოეს პერიოდში ამ პროექტის პრეზენტაციას გავაკეთებთ ვარძიის ხევში. გვაქვს პრეტენზია, რომ ვარძიის წინ გაკეთდეს მესხური სოფელი”, – განუცხადა bm.ge-ის Rezid Holding GmbH-ის გენერალურმა დირექტორმა სოსო ორჯონიკიძე.