ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოხუმის აეროპორტი ექსპლუატაციაში 2024 წელიდან შევა – ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი
15 ივლისი, 2022

სოხუმის აეროპორტი ექსპლუატაციაში 2024 წელიდან შევა, აღნიშნულის შესახებ განცხადება, ბაშკირის მთავრობაში გამართულ სხდომაზე, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააკეთა.

„სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სოხუმის აეროპორტის გასაშვებად უკვე გამოვლინდა ინვესტორი. აეროპორტი ექსპლუატაციაში 2024 წელს უნდა გავუშვათ“, – განაცხადა ბჟანიამ.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო რეისებს საქართველოს ოფიციალური თანხმობის გარეშე ვერ მიიღებს და რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის შემდეგ მას მხოლოდ შიდა ფრენების მიღება შეუძლია, თუმცა ისიც გარკვეული რეგულაციით. რადგანაც თუ აეროპორტში ფრენას, რომელიმე ავიაკომპანია განახორციელებს, რომელიც იმავდროულად საერთაშორისო რეისებს ასრულებს, ან სამომავლოდ გეგმავს, მაშინ ამ კომპანიებს საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეეზღუდებათ.

როგორც 2019 წელს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული, სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

ICAO – ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.

საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.

საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ აეროპორტი გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშარასთან, სოხუმიდან 18 კმ-ში მდებარეობს. ის 1950-იანი წლების შუა ხანებშია  აგებული და ოპერირების განმავლობაში მისი მოდერნიზება რამდენჯერმე განხორციელდა.

აეროპორტი 1993 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის ომის შემდეგ დაიხურა. 2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-მ სოხუმის აეროპორტის, მის მიერვე მინიჭებული კოდი გაუუქმა

2019 წლის ივლისში აფხაზეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის „ერთობლივი აეროდრომის“ სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი „URAS“ რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

პირველი ასო წარმოდგენილია პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტის კოდებში, მეორე აღნიშნავს დონის როსტოვს, სადაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახური აკონტროლებს რეგიონში გამავალ ყველა ავიაკომპანიას, მესამე – აფხაზეთს, მეოთხე – სოხუმს.

აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სიგრძე 3,6 კმ-ია, რაც მას საშუალებას აძლევდა მიიღოს თითქმის ყველა ტიპის საჰაერო ხომალდი. საბჭოთა პერიოდში ტერმინალი დღეში 5000-მდე მგზავრს ემსახურებოდა. აეროპორტი ამჟამად გამოიყენება აფხაზეთის საჰაერო ძალების დასაყრდენად და ასევე იღებს მხოლოდ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.