სოხუმის აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პირველი პირებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს და ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით ICAO-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის ფარგლებში, კონსტანტინე ქავთარაძემ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს და საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალური წერილი გადასცა, სადაც დაფიქსირებულია ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების პოზიცია სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედების თაობაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ განცხადებებთან და საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შესაძლო დარღვევის შემთხვევაში საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით.
„საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წელს დაიკეტა. საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მაშინ, საქართველოს მთავრობამ საქართველოს საჰაერო სივრცის გარკვეულ მონაკვეთებში, კერძოდ იმ ტერიტორიების თავზე, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა და რომლებზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახორციელებდა თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას, აკრძალა საჰაერო მიმოსვლა.
მიუხედავად ამისა, 2008 წლის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ჩიკაგოს კონვენციის დებულებების უხეში დარღვევით, ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების სრული უგულვებელყოფით, სოხუმის აეროპორტში დრო და დრო ახორციელებდა უკანონო ფრენებს, მათ შორის, სამხედრო საჰაერო მიმოსვლას.
ბოლო დროს, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ვრცელდება ინფორმაცია სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირდებით. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს სოხუმის აეროპორტს მიანიჭოს ე.წ. ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ოთხნიშნა კოდი „URAS”, დაუკავშიროს იგი როსტოვის საჰაერო სივრცის კოდს და შესაბამისი განაცხადი წარადგინოს რუსეთის საავიაციო ხელისუფლებაში აღნიშნული კოდის რუსეთის ფედერაციის ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) გამოქვეყნების მიზნით.
ამგვარი ნაბიჯები სრულად დაარღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის გაეროს ქარტიას და უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი საჰაერო მიმოსვლა ამ ტერიტორიის თავზე ექვემდებარება საქართველოს მთავრობის თანხმობას და ნებართვას. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა. შესაბამისად, ამ პირობებში, შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა.
გთხოვთ სათანადო შეფასება მისცეთ რუსეთის უკანონო ნაბიჯებს ასეთის დაშვების შემთხვევაში და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენციის ფარგლებში, გაატაროთ ყველა საჭირო ზომა, რათა არ დაუშვათ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უზრუნველყოთ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება.” – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმდინარე წლის 31 ივლისის წერილში.
საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს.
სოხუმის აეროპორტში ვერცერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე.
აქვე გაცნობებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გაჟღერებული კოდი „URAS” არ არის შეტანილი ICAO-ს DOC 7910-ის გამოცემაში და აღნიშნული, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ვერ განხორციელდება საქართველოს საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის გარეშე.
Commersant.ge