კამპანია Spend your Summer in Georgia საქართველოს ბრენდულ სასტუმროებში – “ჩვენთვის ქართველი დამსვენებელი, ყოველთვის მნიშვნელოვანია“
კამპანია Spend your Summer in Georgia-ში აქტიურად ჩაერთო „ამბასადორი კაჭრეთი“. როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი თეა ლეშკაშელი „კომერსანტთან“ აცხადებს, „ამბასადორი კაჭრეთი“ ძალიან აქტიურად ეცადა ამ პროექტში ჩართვას. პირველ რიგში, დაწესდა მოქნილი ფასები, განსაკუთრებით კვირის დღეებში.
„ადამიანს, რომელიც იღებს შვებულებას ძალიან მისაღებ ფასად შეუძლია ჩვენთან, 5 ღამის გატარება და ისეთი სერვისების მიღება, რომლის გამოც ძალიან პოპულარულია თუნდაც თურქეთი. ჩვენი საზოგადოების პრაქტიკა ნაკლებად ითვალისწინებს 1 კვირიან დასვენებას საქართველოში არსებულ სასტუმრო კომპლექსებში, სწორედ ამიტომ ვეუბნებით მომხმარებლებს, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული #spendyoursummerinGeorgia-ს კამპანიაში, რომ „ამბასადორი კაჭრეთი“ შესთავაზებს მათ, ისეთ მომსახურებას და სერვისებს, რომ მომავალში ეს პრაქტიკა გამოვიმუშაოთ.
ეს არის რეზორტი 182 ნომრით, უამრავი გასართობით, რომელიც გადანაწილებულია მთელ ტერიტორიაზე: ორი ღია აუზი, საცხენოსნო, სასროლეთი, ჩოგბურთის კორტები, პროფესიონალური და სამოყვარულო ფეხბურთის მოედნები, გოლფის მოედანი და უკვე სრულიად ახალი პროდუქტი – ბოულინგი,“— აცხადებს ლეშკაშელი.
რაც შეეხება ტურისტების ნაკადს, „ამბასადორი კაჭრეთის“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ზოგადად სასტუმროს ტურისტების 95% საქართველოდანაა, ტურისტულ ბაზარზე არსებული საერთო ფონი გავლენას ახდენს, მაგრამ დატვირთულობის თვალსაზრისით სასტუმრომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს გაცილებით მეტ სტუმარს უმასპინძლა. სწორედ წინა წლების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე „ამბასადორი კაჭრეთს“ დამატებით 106 თანამედროვე დიზაინის ახალი ოთახი და ოლიმპიური აუზი დაემატა. ამასთან გრძელდება ტერიტორიის განახლება და დამატებითი სერვისების შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
კითხვაზე, ამჟამად როგორი პროცენტული გადანაწილებაა, ტურისტების რა წილია საქართველოს მოქალაქეები და რა წილი უცხოელები, ლეშკაშელი აღნიშნავს, რომ „ამბასადორი კაჭრეთის“ სეგმენტი ძირითადად საქართველოდან არის. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც ძალიან ხშირად სტუმრობენ, როგორც კონფერენციებისთვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად.
„ჩვენს სასტუმროს აქვს 5 საკონფერენციო და რეგიონში ყველაზე დიდი საბანკეტო დარბაზი, რომელსაც კომპანიები კორპორატიული წვეულებებისთვის ხშირად იყენებენ. თუმცა, ზოგადად ტურისტების ნაწილი ჩამოდის ევროპული და აზიური ქვეყნებიდან, ასევე აქტიურად გვსტუმრობენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდანაც. ამასთან ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მოვიზიდოთ ახალი ბაზრები და როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ეს წარმატებით გამოგვდის,“— აცხადებს ლეშკაშელი.
სასტუმრო Lopota Lake Resort & Spa-ს გენერალური მენეჯერი ანდრეი ვლასოვიაცხადებს, რომ სასტუმრო Spend your Summer in Georgia-ს კამპანიაში ჩართულია გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ადგილობრივი ბაზარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „შესაბამისად, როგორც ამ სეზონზე, ასევე გასულ წლებში ჩვენ ყოველთვის გვქონდა და გვაქვს სპეციალური შეთავაზებები ადგილობრივი სტუმრებისთვის“— აღნიშნავს ვლასოვი.
მისი ინფორმაციით, ზაფხული Lopota Lake Resort & Spa-ს სასტუმროში ყოველთვის განსაკუთრებით დატვირთული სეზონია, გამონაკლისი, საბედნიეროდ, არც წლევანდელი პერიოდი ყოფილა.
„ამ სეზონზე ჩვენს სასტუმროში ტურისტების კლება ცალსახად არ შეინიშნება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ბაზრების დივერსიფიკაციაზე და მომავალში კიდევ უფრო მეტ სტუმარს ველით ახალი სამიზნე ქვეყნებიდან. გასული წლების და ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, ჩვენი სასტუმროს ვიზიტორთა ტოპ ხუთეულში საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა,“— აცხადებს ვლასოვი.
ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ აცხადებენ, რომ Spend your Summer in Georgia უნიკალური წამოწყებაა, როგორც ადგილობრივი მოქალაქეების წახალისების კუთხით, ასევე უცხოელების მოსაზიდად და როგორც ირკვევა ინფორმაციულად ამ პროექტმა იმუშავა. სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ შეუერთდა ამ გამოწვევას და პერიოდულად სხვადასხვა შეთავაზებებისა და ფასდაკლებების კუთხით არა ერთი სიახლე შესთავაზა სტუმრებს. „ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტის ირგვლივ სასიამოვნო სიახლეების დანერგვას, როგორც ქართველი ასევე ევროპელი სტუმრებისთვის“-აცხადებენ „ჯორჯია პალასში“.
მათი ინფორმაციით,ზაფხული აჭარაში და განსაკუთრებით ქობულეთში ყველაზე სასურველი პერიოდია დასვენებისთვის. შესაბამისად არც 2019 წლის ზაფხული არ არის გამონაკლისი, თუმცა, მოლოდინი უფრო მაღალი იყო. სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეალური პიკი იყო მოსალოდნელი, თუმცა, რუსეთთან დაკავშირებულმა და განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიო ზრდის შენელება გამოიწვია. განსაკუთრებით, პირველ პერიოდში, ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაუქმდა კიდეც, თუმცა, შემდეგ უმეტესი წილი თავიდან გაკეთდა შეცვლილი თარიღებით. „ჯორჯია პალასში“ აცხადებენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარე ზაფხული შარშანდელზე უკეთესია.
სასტუმროში ტურისტების კლებას პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე(რაც შეიქმნა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში)ხსნიან. „აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული რაოდენობა ტურისტებისა, ვგულისხმობთ რუსეთის მოქალაქეებს, ისინი ვინც უკვე ცხოვრობდა სასტუმროში არ დაუტოვებიათ ქვეყანა. თუმცა, უახლოეს პერიოდში ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი გააუქმა, ზოგიერთმა კი თარიღები ტრანსპორტირების ახალ გეგმას მოარგო. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალური ჯავშნები რუსეთიდან არ შეფერხებულა. ერთადერთი არხი, რომელიც ამ მხრივ დაზარალდა არის ტურ ოპერატორები. ტურ ოპერატორების და სააგენტოების მიერ რუსეთის ბაზრიდან წამოღებული ჯავშნების 95% გაუქმდა და მოთხოვნა, ფაქტობრივად, ნულამდე დაეცა. მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის ჯავშნები შემოდის.
სასტუმროში სტუმრების უდიდესი პროცენტული მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, შემდეგ კი პროცენტულად რუსეთი ჭარბობს. ზუსტი სურათი ასე გამოიყურება: საქართველო – 44.5%; რუსეთი – 21,1 %; უკრაინა – 7%; პოლონეთი – 5,7 %; ყაზახეთი – 4,4 %; სომხეთ – 2,3 %; გერმანია – 2%; სხვა – 10%“-აცხადებენ ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯია პალასში“.
Commersant.ge