ცნობილი გერმანული გამოცემა Spiegel საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ვრცელ სტატიას უძღვნის.
“ეს არის ქვეყანა, სადაც ტყის ყვავილები ყვითელ, ლურჯ, იასამნისფერ, ვარდისფერ, თეთრ და წითელი ფერებად ყვავის’’- წერს ავტორი.
ჟურნალისტი იუწყება, რომ საქართველოში ტურისტული ბუმია, განსაკუთრებით პოპულარული კი უცხოელებში სულ რამდენიმე წლის წინ, No-go-Area სვანეთია, სადაც ადრე ტურისტები გატაცებისა და თავდასხმების გამო ჩასვლას ვერ ბედავდნენ.
“აყვავებული მდელოები და თოვლით დაფარული მთები, სვანეთი განსაკუთრებით პოპულარულია’’-დასძენს რეპორტიორი.
მისივე თქმით, საქართველოს ამ მთიან რეგიონში მოხვედრა ახლა ვერტმფრენებითაც არის შესაძლებელი, ტურისტები კი სვანეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან, რადგან საქართველო en vogue -ია (ფრანგულად; მოდაშია, ტრენდულია)
ჟურნალისტი ადგილობრივ ირმა ხერგიანს ესაუბრა, რომელსაც ტურისტების “შემოსევის” მიზეზი არ ესმის.
“გასაგიჟებელია, ამდენი ადამიანი რომ მოდის აქ, რა არის ჩვენთან ასეთი საინტერესო? აქ ხომ ყველაფერი ნორმალურადაა?!’’- უყვება გერმანელ ჟურნალისტს 45 წლის სვანი ქალბატონი.
“ადგილობრივებისთვის შესაძლოა ეს ასეა, თუმცა უცხოელებისთვის სვანეთი საქართველოს სახეა. აქ მთები უფრო მაღალი და სანახაობრივია, ჰაერი უფრო სუფთაა, კულტურა უფრო ღრმა და ძირძველია, ვიდრე ქვეყნის სხვა მხარეში’’-აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ჟურნალისტი გერმანელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და დასვენებისთვის რჩევებსაც სთავაზობს.