„სპორტის სხვა სახეობები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა ყურადღების მიღმა რჩება და ხელშეწყობა არ აქვთ“ - ბუთა ელოშვილმა
"მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ საქველმოქმედო ბანაკი „კავკასიონი“ რომელიც 20 ივნისს ამოქმედდება“. - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა ისაუბრა. მისი თქმით ეს არის სამთო- სათავგადასავლო სპორტის ბანაკი, რომელიც როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის სკოლებს მოიცავს და მიზანი საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონიდან ბავშვების ჩამოყვანა და სხვადასხვა სამთო და სათავგადასავლო სპორტით დაინტერესებაა.
როგორც ბუთა ელოშვილმა აღნიშნა, ბანაკის დაფუძნების იდეა გაუჩნდათ, რადგან მაღალმთიანი სოფლები იცლება და ახალგაზრდების მიგრაცია დიდი ქალაქებისკენ ხდება თუმცა საქართველოს რეგიონებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„ეს იდეა იქიდან გამომდინარე გაგვიჩნდა, რომ ბოლო პერიოდში სოფლები იცლება და მიგრაცია არის ქალაქისკენ, რაც ძალიან ცუდია . ჩვენი ქვეყანაც და ბუნებაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხალხი ყველა რეგიონში ცხოვრობდეს, გარკვეულ საქმეს აკეთებდეს, ჰქონდეს შემოსავალო და მარტო ქალაქისკენ მიგრირება არ უწევდეთ.
პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს ინფორმაცია არ აქვთ, სამთო სპორტი ძვირია და მათ არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ. გვინდოდა, რომ ეს ბავშვები წამოგვეყვანა და მათთვის სპორტის სხვა სახეობებიც გაგვეცნო და დაგვენახებინა მათთვის თუ როგორ შეეძლოთ განვითარება და რეგიონებში დასაქმება და რა პერსპექტივები აქვთ ამისთვის, ეს შეიძლება იყოს ტურიზმი , სამთო სპორტი და სხვა“- აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.
ელოშვილის თქმით ფეხბურთში დიდი თანხები იხარჯება, თუმცა სპორტის სხვა სახეობები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა ყურადღების მიღმა რჩება და ხელშეწყობა არ აქვთ.
“საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს გაგებული სამთო სპორტზე, კლდეზე ცოცვაზე და სხვაზე გაგებული, უმეტესობა მიყვება კალათბურთს ფეხბურთს და რაგბის.
საქართველოს 2/3 არის მაღალმთიანი და ეს სამთო ტურიზმის განვითარების საშუალებას გვაძლევს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ შემოსავალს მოუტანს და ეს ახალგაზრდები სპორტული ცხოვრებით უფრო მეტად დაკავდებიან.
როდესაც ევროპაში და სხვა ქვეყნებში ჩავდივართ უცხოელებს საქართველოს მთებით და ბუნებით ვაცნობ, და ძალიან უკვირთ როცა იგებენ რომ მაღალმთიანი სოფლები, , კულტურა და 5000 მეტრიანი მწვერვალები გვაქვს, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ საქართველოში თავისუფალი სრიალისთვის ბევრი საშუალებაა ძალიან ბევრი ჩამოვიდა საქართველოში.
დაახლოებით 4-5 წელია, რაც საქართველო უცხოელ სპორტსმენებს, ექსტრემალური სპორტის მიმდევრებში და ათლეტებში პოპულარული გახდა, გვაქვს მიმის საშუალება,რომ ვიყოთ ისეთივე პოპულარული, როგორც ავსტრიის ალპებია.“. - აღნიშნა ბუთა ელოშვილმა.
commerant.ge