რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში, ფეხბურთისა და სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – საფეხბურთო სტადიონი ანახლდა.
განახლებული არენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სფფ-ს წარმომადგენლები კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი, რაჭა ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტატი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე საქართველოს ფეხბურთის აკადემიის ასაკობრივი გუნდების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საფეხბურთო კომპლექსი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ორ მოედანს, 500-მდე მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და დახმარე შენობა-ნაგებობებს. მშენებლობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი რეგიონალური ფედერაციის ხელშეწყობით განხორციელდა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ საფეხბურთო კომპლექსის გახსნა რეგიონში
სპორტული ტურიზმის განვითარებას შეიწყობს ხელს.
„ამბროლაურისთვის ისტორიული დღეა, რადგან მრავალი წლის ოცნება ახდა. დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი გავხსენით. ამას გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში 28 მინი სტადიონი მოეწყო და თამამად შეგვიძლია ითქვას, რომ ამბროლაურს აქვს პერსპექტივა, სპორტული ტურიზმის ქალაქი გახდეს“ – ამბობს არჩილ ჯაფარიძე.
კახა ჭუმბრიძის თქმით, ფეხბურთის ფედერაცია რაჭას ამ პოტენციალის ათვისებაში დაეხმარება: „ფეხბურთის ფედერაცია გვერდში დაუდგება მსგავს პროექტებს და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს შეკრებებზე გამოგზავნის. ამჟამად აქ ჩვენი აკადემიის სამი ასაკობრივი გუნდი იმყოფება. ეს მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის და იმ ბავშვებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს, რადგან მათ მაგალითზე ფეხბურთსა და ზოგადად სპორტში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება“.
ზვიად მხეიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი: „ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა ჯანსაღი თაობა აღვზარდოთ. იმედია, ისინი მომავალში სასახელო ფეხბურთელები გამოვლენ“.
Commersant.ge