ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი - საინტერესო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის
07 ივლისი, 2021

ამერიკული ფილმების გავლენით საზაფხულო ბანაკი ჩვენთვის მხიარულებასთან, ახალი მეგობრების შეძენასა და დაუვიწყარ მოგნებებთან ასოცირდება. ქართულ რეალობაში ასეთი ადგილი სქულბუქის საერთაშორისო ბანაკია, რომელიც ყველა პირობას ქმნის, რომ მოსწავლეებმა დრო სახალისოდ და პროდუქტიულად გაატარონ.

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკმა 2021 წლის 3 ივლისს აიღო სტარტი, მისი ორგანიზატორები კი ლიკა აბრამიშვილი და ავთო აბდუშელიშვილი არიან. ისინი ბანაკებს გიმნაზია „შავნაბადას“ სახელით 2012 წლიდან აორგანიზებენ, შესაბამისად, აქვთ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

სქულბუქის საერთაშორისო ბანაკი 2 მიმართულებად იყოფა - ინგლისურენოვან და პიროვნული განვითარების პროგრამებად. თითოეული მათგანი ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლემ არაფორმალური გზით აიმაღლოს ცოდნა და გაიუმჯობესოს სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევა.

ინგლისურენოვანი პროგრამა განკუთვნილია 11-დან 17 წლამდე მოსწავლეებისთვის. მოზარდები ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო აქტივობაში და ბანაკში გატარებული 8 დღის განმავლობაში ძირითადად ინგლისურად ისაუბრებენ. ამ ყველაფერში კი მათ უცხოელი გამოცდილი ტრენერები და ქართველი ლიდერები დაეხმარებიან.

რაც შეეხება პიროვნული განვითარების პროგრამას, ის განკუთვნილია შედარებით მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთა ცხოვრებაშიც აქტუალურია თვითგამორკვევის პროცესი, სურთ აირჩიონ მომავალი პროფესია და მიაღწიონ წარმატებას. სქულბუქის საერთაშორისო ბანაკის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ბავშვებისა და მათი მშობლების სურვილები და მოწვეული სტუმრები იქნებიან ალექსანდრე ჯეჯელავა, ია ბერსენაძე, დათო ტურაშვილი, თამარ ჩიჩუა, ნინო მარგველაშვილი და გია მურღულია.

„მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი მოზარდის სწორი განვითარებისთვის, ხშირად ადამიანებს გამოუყენებელი რჩებათ მიღებული ცოდნა, რადგან ვერ ერკვევიან საკუთარ და სხვის ემოციებში და არ შეუძლიათ მართონ ისინი. სქულბუქის ბანაკი მათ ამ მიმართულებით ბევრ საინტერესო რამეს შესძენს“, - ამბობს თამუნა ჩიჩუა, სქულბუქის ბანაკის პიროვნული განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ტრენერი.

სქულბუქის ბანაკის შინაგანაწესი ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო რეკომენდაციებს, ისე მონაწილეებისა თუ მათი მშობლების ინტერესებს. მაგალითად, ლიმიტირებულია სმარტფონებისა და გაჯეტების მოხმარება დღის მანძილზე და მათი გამოყენება ბავშვებს მხოლოდ თავისუფალ დროს შეუძლიათ. კიდევ ერთი პუნქტი შინაგანაწესიდან უცხო პირების საბანაკე ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, რეკომენდებულია, რომ მშობლებმა ვიზიტისგან თავი შეიკავონ.

სქულბუქის ბანაკი სულ 5 ნაკადს მიიღებს, მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც პიროვნული განვითარების, ისე ინგლისურენოვან ან ორივე პროგრამაზე. თითოეულ ნაკადზე მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა 60-ს არ აღემატება. ასე რომ, ადგილები შეზღუდულია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.