სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულების მსურველი ვიზიტორების ბოლო წლების სტატისტიკა მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
ობიექტს დღეში 500-600 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. ,,საქმის კურსთან’’ საუბარში, სტალინის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაზრდილია ირანელი, ებრაელი და რუსი დამთავლიერებლების რაოდენობა. მათი რიცხვი მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
,,იანვარში ვიზიტორების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა. თებერვალში 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მარტში მათი რაოდენობა 95%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. აპრილში ზრდა იყო 72%, ხოლო მაისში ვიზოტორების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა’’, - აცხადებს ლიანა ოქრომელიძე.
როგორც ადგილობრივებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლებისთვის სახლ-მუზეუმისა და ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში შემავალი შენობა-ნაგებობების დათვალიერება ფასიანია და 15 ლარი ღირს.
სტალინის სახლ-მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ტურისტული ობიექტი ნაწილობრივ სამინისტროს, ნაწილობრივ კი საკუთარი შემოსავლებით ფინანსდება.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მემორიალური სახლი, საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი ვაგონი რესტავრაცია-რეაბილიტაციას საჭიროებს. შესაბამისი პროექტი კულტურის სამინისტროში უკვე წარდგენილია, რომლის განხორციელებაც დაფინანსების მიღებისთანავე დაიწყება.
www.bm.ge