ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"Starlink-ის საქართველოში შემოსვლა, სტიმულია სხვა კომპანიებისთვისაც, რომ საქართველოში შემოვიდნენ"
01 დეკემბერი, 2023

"Starlink-ის საქართველოში შემოსვლა, ტელეკომის სივრცეში წინ გადადგმული ნაბიჯია და სტიმულია იმისთვის, რომ ქვეყანაში სხვა მსხვილი კომპანიებიც შემოვიდნენ,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, SPACE-X-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, Starlink-ი ერთი თვეა საქართველოში გაეშვა. თუმცა, თავად კომპანიამ ავტორიზაცია ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოიპოვა და ამ ერთი წლის განმავლობაში,  აქტიური მუშა პროცესი მიმდინარეობდა იმისათვის, რომ არსებული შედეგი დამდგარიყო.

"თავად მუშა პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ამაში გარდა კომუნიკაციების კომისიისა, სხვადასხვა უწყებებიც იყვნენ ჩართული, რადგან ავტორიზაციის საკითხების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იყო გასათვალისწინებელი, როგორიცაა მაგალითად, უსაფრთხოების თემა და ა.შ.

ამ პროცესების განვითარებას, ხელი პირველ რიგში ქვეყნის სტრატეგიულმა პოზიციამ შეუწყო, რომ ბაზარი გაიხსნას და საქართველოში ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ. ამასთან, ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს მიზანია ევროკავშირთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო, მათ შორის ელექტრონული კომუნიკაციების სარეგულაციო გარემო. რაც მათთვის ასევე მამოტივირებელი ფაქტორი იყო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ოპერირება კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ჩვენი ქვეყნით დაეწყოთ,"- აცხადებს იმედაძე.

მისივე ცნობით, ქვეყანაში Starlink-ის შემოსვლამ როგორც ბიზნესებს, ასევე ფიზიკურ პირებს არჩევის შესაძლებლობა გაუჩინა და მოლოდინია, რომ თავად კომპანია მომხმარებელთან კომუნიკაციას მალე დაამყარებს და საკუთარ სტრატეგიებს გააცნობს.

ამ ეტაპზე, კომპანია სამართლებრივი და საოპერაციო საკითხების სრულად მოწესრიგებაზე აქტიურად მუშაობს, რომ მოქნილი ოპერირება შეძლონ.

შეგახსენებთ, Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.