ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის სიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მირზაანში მდებარე ფიროსმანის მუზეუმში სტუდენტური კვირეულის დღეები დაიწყო.
სააგენტოს საგანმანათლებლო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 6 დღის მანძილზე პარტნიორის სტატუსით საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი შეუერთდება, რომლებიც ცალკეულ დღეების განმავლობაში საკუთარ თეატრალიზებულ სანახაობებსა და განსხვავებული შინაარსის მქონე პერფორმანსებს წარმოადგენენ.
შემოქმედებით აქტივობებს გამართავენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტებს პატრნორობას გაუწევენ ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების ის მოსწავლეები, რომელთაც სააგენტოს მიერ „კულტურული მემკვიდრეობის დესპანების“ სტატუსი აქვთ მინიჭებული და აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო უწყების ორგანიზებულ ღონისძიებებში. კვირეულის ფარგლებში ფიროსმანის თემაზე შექმნილ მხატვრულ ნამუშევრებს წარმოადგენენ დედოფლისწყაროს სამხატვრო და ხელოვნების სკოლების მოსწავლეები.
სტუდენტური კვირეულის დასკვნით დღეს თეატრალიზებულ სანახაობებსა და გამოფენებს წარადგენენ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტები. სააგენტოს ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილეებიც.
მირზაანის სტუდენტური კვირეული 23 მაისამდე გასტანს.
www.travelingeorgia.ge