ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტუდია Walkinto-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვირტუალური ტური შექმნა
13 მაისი, 2021

სტუდია Walkinto-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვირტუალური ტური შექმნა. პროექტის კერძო სექტორისთვის გაცნობა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მოხდა დღეს გაიმართება.

ტური იწყება გურჯაანის ცენტრიდან, აერო პანორამული წერტილით. ამ წერტილიდან ყველა მიმართულებით არის დატანილი როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გადაადგილების ისრები. ისარზე დაკლიკებით, მომხმარებელს შეუძლია ჩავიდეს ცენტრში, საჰაერო გზით გადაადგილდეს ყველა მონიშნულ ლოკაციაზე, რომელიც ჩანს ამ წერტილიდან.

„მოხდა რაიონის ვირტუალური ტურისტული რუკის გადაღება, სადაც გაერთიანებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ტურისტული ობიექტები, მარანები, სხვადასხვა მიმართულება და ა.შ. პროექტის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს ონლაინ ტურში საჰაერო წერტილებიდან დაინახოს ქალაქისა თუ სოფლის მნიშვნელოვანი მიმართულებები, ზუსტად განსაზღვროს მათი ადგილმდებარეობა, მისასვლელი გზა და ფასეულობები. ვირტუალურ მოგზაურებს შეუძლიათ აეროლოკაციებიდან ეწვიონ ნებისმიერ ეკლესიას თუ მარანს, შევიდნენ შიგნით, გაეცნონ მათზე ინფორმაციას და დატკბნენ კახეთის კულტურული მემკვიდრეობით და სხვადასხვა ლოკაციით. საქართველოში მსგავსი პროექტი ჯერ არც ერთ რეგიონს არ აქვს გაკეთებული და გურჯაანი არის ის მოწინავე ინოვაციების მხარდამჭერი ქალაქი, რომელიც ექსკლუზიური პროექტის პიონერია. ტურში ნავიგაცია იმ დონეზეა გამარტივებული, რომ სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა გადაადგილების სამი მეთოდი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის არის აღქმადი და ხელმისაწვდომი. ტურში რეალურ დროში შეგიძლიათ ნახოთ სად იმყოფებით რუკის მეშვეობით, რაზეც ასევე დატანილია ყველა ის ობიექტი, რომელიც გადაღებულია რაიონში. ამასთან, შესაძლებელია საჰაერო ისრებით გადაადგილება და მენიუს მეშვეობით, სადაც კატეგორიების მიხედვით ჩამოთვლილია ყველა გადაღებული ობიექტი. ამ ყველაფერთან ერთად, დამთვალიერებელს აქვს კომპასი, რის მიხედვითაც კიდევ უფრო ზუსტად განსაზღვრავს, რომელი ხედი რა მიმართულებით იყურება და ა.შ. ეს ექსკლუზიური და ინოვაციური პროექტი ხელს შეუწყობს გურჯაანში ტურიზმის განვითარებას, მის პოპულარიზაციას, შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას და იქნება ერთგვარი ვირტუალური გიდი ამ მიმართულებით. მაშინ, როდესაც გურჯაანი აღიარებულია მეღვინეობის ძირითად ლოკაციად, ვფიქრობთ, ძეგლებთან ერთად მიკროზონების და მარნების ინტეგრირებაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ პროფილის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მარკეტინგული ხელშეწყობის კუთხით. Walkinto მადლობას უხდის გურჯაანის მუნიციპალიტეტს ინოვაციური მიდგომებისა და გადაწყვეტილებებისთვის. აგრეთვე, გადაღებების პროცესში უშუალო ჩართულობასა და მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის დიდი პატივი და მოტივაციაა ისეთ დამკვეთთან ურთიერთობა, რომელიც ზუსტად აფასებს და ხედავს მომავლის პროდუქტის როლს რაიონის განვითარებაში," - განმარტავს Walkinto-ს პარტნიორი გიორგი დოლიძე.

ვირტუალური ტური შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. აგრეთვე, თითოეული ობიექტის ცალკეული ტური მეტი პოპულარიზაციისთვის აიტვირთება Google - ზე, იმ ველში, სადაც უშუალოდ ობიექტია მონიშნული Google ის რუკაზე. ყველაფერთან ერთად, ტურისტულ კომპანიებს და ინდივიდუალურ მოგზაურებს საშუალება მიეცემათ უკეთ დაგეგმონ ტურის მარშრუტები, გათვალონ დრო, წინასწარ მონახონ საპინკნიკე თუ მოსასვენებლი ადგილები და რაც ყველაზე მთავარია, ერთ პლატფორმაზე აღმოაჩინონ მათთვის ჯერ უცნობი წერტილები და დაგეგმონ მოგზაურობა. პროექტი დასაწყისისთვის ჯერ გურჯაანის რაიონის, ხოლო შემდგომში კი კახეთის რეგიონის სრული ტურისტული პოტენციალის მომავლის პროდუქტით პოპულარიზაციას და საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას გულისხმობს.

საქართველოში ვირტუალური ტურის პირველი სტუდია Walkinto 2015 წელს დაარსდა, ხოლო პანდემიის დროს მოხდა მისი რებრენდინგი. კომპანია მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ, ინოვაციურ, ფუნქციურ და ინტერაქციულ ვირტუალ ტურებს სთავაზობს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.