ქართული გეოგრაფიული დასახელებისა და ადგილწარმოშობის პროდუქტების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს. ამბობს, რომ საქართველო, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანაა და ლევან დავითაშვილს ამ ტრადიციების ახალი კანონმდებლობით და თანამედროვე მიდგომებით დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნია.
მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას კონტროლის მექანიზმებიც, რომელის ხელს შეუწყობს პროდუქტების სანდოობის გაზრდას. ქართული პროდუქციის მარკეტინგული დამატებითი ღირებულება, მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების სწორად მართვით და შენარჩუნებით შეგვიძლია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარის გენადი ლებანიძის თქმით, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოსთვის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა, საერთაშორისო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით პროგრესი ნამდვილად არსებობს. საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებისა თუ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით, არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა.
საქართველოში დაცულია 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. მათ შორის, 20 – ღვინო (ატენი, ახაშენი, წინანდალი, გურჯაანი, არდენახი, კახეთი, კოტეხი, ყვარელი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, სვირი, თელიანი, ტიბაანი, ტვიში, ვაზისუბანი, ხვანჭკარა, ხაშმის საფერავი, ბოლნისი), 8 – მინერალური წყალი (ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, მიტარბი, უწერა, სქური, ზვარე, ბოლნისი), 13 – ყველი (სვანური სულგუნი, კობი, იმერული ყველი, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო, თუშური გუდა, გუდა, მეგრული სულგუნი, ქართული ყველი, ტენილი, აჭარული ჩლეჩილი, ჩოგი), ასევე ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი, მაჭახელას თაფლი.
საქართველო, როგორც OriGIn”-ის ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა, სამი დღის განმავლობაში, გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო ცენტრად იქცა. საქართველოში იმყოფებიან ისეთი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტების მწარმოებლები, როგორებიცაა: ,,ტეკილა“, ,,პროსეკო“, ,,ბავარიული ლუდი“, ,,ყველი პარმიჯანო რეჯანო“, ,,მოდენას ბალზამიკოს ძმარი“, ,,პარმას ლორი“ და სხვა.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.
gbc.ge