სვანეთში, აჭარაში, კახეთში, ყველგან... გადავსებულია სასტუმროები ტურისტებით - ღარიბაშვილი
"მას შემდეგ, რაც დავიწყეთ ვაქცინების ეტაპობრივად შემოტანა, ასევე ეტაპობრივად დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა, რადგან ძალიან გაუჭირდა ისედაც გაჭირვებულ ჩვენს მოსახლეობას"-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, მერობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.
პრემიერი ეკონომიკის გახსნის შემდეგ ეკონომიკური ზრდის შედეგებით ამაყოფს და საუბრობს ასევე იმ დადებით ტენდენციებზე, რაც ტურიზმში შეიმჩნევა.
"ათასობით და ათი ათასობით ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ის 200-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო. ამიტომაც, ჩვენ დავიწყეთ გახსნა და აპრილში გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ეკონომიკური ზრდა და თავდაჯერებულობა მიეცა ბიზნესს სწორედ იმ პოლიტიკური სიმყარიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ შევქმენით.
ბიზნესს აქვს სტაბილურობის და პროგნოზირებადობის განცდა. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, ივნისში - 18%, ბოლო 6 თვეში გვაქვს 12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს დამატებით შემოსავალს ბიუჯეტში, ჩვენ 1,2 მილიარდი ლარით გავზარდეთ ჩვენი ბიუჯეტი, აქედან 600 მილიონით ვაფინანსებთ ჯანდაცვას, რომელიც მანამდე ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო და მოგვიწევდა ახალი, დამატებითი სესხის აღება წელს.
ამ დროს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საგარეო ვალის შემცირება. გასულ წელს მთავრობამ 3 მილიარდი აშშ დოლარი საგარეო ვალი აიღო, რითაც გადავაჭარბეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაწესებულ ლიმიტებსა და რეკომენდაციებს. ჩვენი სტრატეგიაა, ეტაპობრივად, წელსვე დავიწყოთ საგარეო ვალის შემცირება და თავი შევიკავოთ იმ საგარეო ვალის აღებისგან, რომლის აღების აუცილებლობაც წელს არ გვაქვს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ჩვენი მოსახლეობის ობიექტური უკმაყოფილების გათვალისწინებით, რომ მათ უბრალოდ აღარ შეეძლოთ ასე გაგრძელება, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ნახეთ, როგორი გამოძახილი ჰპოვა აღნიშნულმა ნაბიჯებმა - ჩვენ დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
დაიწყო ტურიზმის სწრაფად აღდგენა. მესტიის მოქმედმა მერმა მითხრა, რომ წელს ძალიან ბევრი ტურისტი შემოვიდა სვანეთში. აჭარაში, კახეთში, ყველგან გადავსებულია სასტუმროები ტურისტებით. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ის, რომ ჩვენს მოსახლეობას გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი და ეს დეპრესიული ფონი მოიხსნა, ამას სჭირდება შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
bm.ge