ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო შენდება
11 მაისი, 2017

სვანეთში პირველი მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2018 წლის ბოლოს გაიხსნება. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მინდია გურგენიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასტუმროს კლასიფიკაციის მიხედვით მინიჭებული ექნება 4+ ვარსკვლავი. იგეგმება შვეიცარიული ბრენდის შემოყვანა, თუმცა, საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებამდე ბრენდის სახელი კონფიდენციალურად რჩება.

მისივე თქმით, ადგილობრივი სტრუქტურები ხელს უწყობენ პროექტის განხორციელებას. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და სასტუმრო-კომპლექსში მუდმივად 160 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროში განთავსებული იქნება 132 ნომერი. სასტუმრო კომპლექსში წარმოდგენილი იქნება მაღალი კლასის სპა-ცენტრები და A კლასის რესტორნები. მშენებლობის პერიოდი მოიცავს 18 თვეს. მისი საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი დოლარია.

„გრაპა კაპიტალი" კიდევ ორი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მინდია გურგენიძის თქმით, კომპანიამ შეისყიდა შესაბამისი ტერიტორია ციხისძირში. მზადდება პროექტი, რომელიც მოიცავს სასტუმრო კომპლექსს. აქ განთავსდება ორი ტიპის საშუალო და მაღალი კლასის სასტუმრო, კაზინო, რესტორანი და სხვა გასართობი ობიექტები. პროექტში 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. სამომავლოდ კი მისი გაფართოებაა დაგეგმილი. ორივე სასტუმროს ( მესტია, ციხისძირი) ოპერატორი საერთაშორისო კომპანია იქნება. ციხისძირში კომპლექსის დამსვენებლები სასტუმროს საკუთრებაში არსებული სანაპირო ზოლით ისარგებლებენ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, შემდეგ პროექტად განიხილება ნუცუბიძეზე,ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა,რომელიც გამორჩეულია ეკოლოგიურად სუფთა ადგილმდებარეობით, უნიკალური ხედებით,სიმყუდროვითა და ცენტრალურ უბნებთან სიახლოვით. ტერიტორიის უპირატესობაა ბუნებრივი განიავება, რაც საცხოვრებელ გარემოს ცენტრალურ უბნებთან შედარებით, გაცილებით ჯანსაღსა და სასიამოვნოს ხდის.

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.