უშგულში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კოშკებისა და მაჩუბების 90 პროცენტი საგანგაშო მდგომარეობაშია.
„თუ ჩვენ ამათ დროულად არ მივხედეთ, შეუქცევადი პროცესი დაიწყება. ეს პროცესი კი, საბოლოო ჯამში, ამ კულტურული მემკვიდრეობის ულამაზეს ძეგლს და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ მატიანეს წაგვართმევს“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამასთან, როგორც აქციაზე ითქვა, სოფელ ცაჟაშის რეაბილიტაციისთვის იხარჯება თანხები, თუმცა შესრულებული სამუშაო არის უხარისხო.
„სახელმწიფო ხარჯავს თანხებს. ჩაჟაშის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მილიონია უკვე დახარჯული, თუმცა ხარისხი არის ნული. დღეს ეს სოფელი დგას ზვავის საფრთხის ქვეშ. ჩვენ ვითხოვთ კონრეტულ ვადას, როდის დაიწყება მთაზე ზვავამრიდი სამუშაოები. ეს თანხა რომ დახარჯულიყო ზვავამრიდი სამუშაოებში უკეთესი იქნებოდა.
ჩაჟაშის რეაბილიტაციას „ფონდი ქართუ“ ახორციელებს. რომლის თანხებიც ჩემი აზრით, იხარჯება სრულიად არამიზნობრივად, რასაც უშგულელები ვუყურებთ. უხარისხოდ კეთდება ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ არის. მან გამოყო თანხები და ხალხი ისე უხარჯავს თანხებს, რომ არ იცის, სად იხარჯება მაგის მილიონები. ამიტომ, უნდა დაინტერესდეს, ჩაეძიოს ამ საკითხს და გაკეთდეს ყველაფერი ხარისხიანად. პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ისე, რომ ხალხის სიცოცხლე იყოს დაცული. დაცული იმ შემთხვევაში იქნება, თუ აქ გაკეთდება ზვავამრიდები და შემდეგ დაიწყონ ყველა სხვა სამუშაო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ივლისის ბოლოს კოშკი უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩამოინგრა. მსგავსი ფაქტი 2017 წელსაც მოხდა.
აქციაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Commersant.ge