როგორც „კომერსანტის“ “თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს თაბორის მთაზე გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და წლის ბოლომდე დასრულდება.
ის ხელმისაწვდომი ყველასთვის იქნება და პროექტის მთავარი მიზანიც, სწორედ ესაა:

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ, გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
აღნიშნული პროექტი გულისხმობს 402 009 კვ.მ რეკრეაციული სივრცის შექმნას, სადაც მთლიანი ტერიტორიის 95% იქნება სრულად გამწვანებული. რეკრეაციული სივრცე გააერთიანებს, ლანდშაფტთან შერწყმულ 9 ფოსოიან გოლფის მოედანს, ხელოვნური ტბას და ჩოგბურთის კორტებს. ამასთანავე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 170 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც განთავსდება 2 საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი და ა.შ.“,- განმარტავენ ფონდში.

ცნობილია, რომ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 86 მლნ. აშშ დოლარია და სამუშაოები ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც ეს პროექტშია გათვალისწინებული.
რაც შეეხება ადგილზე სასტუმროს მშენებლობას, მისი დასრულება 2021 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება:

„პროექტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილების შემქნა და ტურისტების მოზიდვა ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ზამთრის პერიოდში გოლფის თამაში და საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება შეფერხებულია“.
შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ (თაბორის მთა) გასხვისებულ ტერიტორიაზე მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და მშენებლობას კომპანია ანაგი ახორციელებს.

Commersant.ge