ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტალებ რიფაი: კახეთი მართლაც რომ ღვინის აკვანია და სხვადასხვა მიზეზთა გამო, დარწმუნებული ვარ, სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი
09 სექტემბერი, 2016

„დიდი სიამოვნებით მოგესალმებით კახეთიდან, რადგან საქართველოში ვენახების 65 პროცენტი სწორედ კახეთში ხარობს. ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც თამამად შეგვიძლია ღვინის აკვანი ვუწოდოთ. კახეთი მართლაც რომ ღვინის აკვანია და სხვადასხვა მიზეზთა გამო, დარწმუნებული ვარ, სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი. სწორედ აქ დაიწყო ადამიანმა ცხოვრებისა და სიხარულის ზეიმი" - ამის შესახებ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ, ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციის გასვლით სხდომაზე განაცხადა, რომელიც კახეთის რეგიონის ქალაქ ყვარელში გაიმართა.

რიფაის თქმით, ღვინის ტურიზმის კონფერენცია ისეთივე თავისუფალია, როგორსაც გვანიჭებს ღვინის სმა და ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თავად ღვინო.

„ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც ღვინოს ვახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ სასმელზე, რომელიც 8 ათასი წლისაა და რომელიც აქ წარმოიშვა. ღვინო სწორედ აქ იღებს სათავეს და ყოველთვის, როდესაც ღვინის ბოთლს აიღებთ ხელში, დაფიქრდით მთელს პროცესსზე - იმ ვენახებზე, იმ ყურძენსა და იმ გზაზე, რისი წყალობითაც თქვენს სუფრაზე მოხვდა ღვინის აღნიშნული ბოთლი. საქართველო არის ღვინის ყველა მწარმოებლის მიერ მოსანახულებელი ადგილი. მას ღვინის წარმოების 8-ათასწლიანი ისტორია აქვს" - განაცხადა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ეს გარემოება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ის მრავალმხრივ უკავშირდება ტურიზმს.

„ეს ძალიან შემეცნებითი ვიზიტი იქნება, ვინაიდან ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, პირადად გაეცნოს ადამიანის ქმნილების - ღვინის წარმოშობის ისტორიას და განათლებასთან ერთად, თქვენ მიიღებთ უდიდეს სიამოვნებას და მოიწყობთ სიცოცხლის ზეიმს," - განაცხადა ტალებ რიფაიმ.

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მუშაობა ტურიზმის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში. „მიხარია, როდესაც ვხედავ, რამდენად ეფექტურად მუშაობს საქართველოს მთავრობა და ცდილობს, რათა საქართველო მრავალფეროვანი ტურიზმის შესაძლებლობების ქვეყნად აქციოს", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის მზარდი დინამიკა ძალიან კარგი მაჩვენებელია.

საქართველო გაეროს ღვინის ტურიზმის პირველ მსოფლიო კონფერენციას 7-9 აგვისტოს მასპინძლობს. ღონისძიებები თბილისში, ყვარელსა და „შატო მუხრანში" ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის სტუმრები 42 ქვეყნიდან (250 დელეგატი, 50% უცხოელი სტუმარი).


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.