ავიაკომპანია Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილის თამუნა თანდაშვილის აზრით, „საქართველო დამოუკიდებელ პროდუქტად უნდა დავაპოზიციონიროთ – არ უნდა იყოს მიბმული სხვა ქვეყანას“.
ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა და დასძინა, რომ ევროპიდან მომავალი ტურისტული ჯგუფები საქართველოს პრალელურად, როოგრც წესი, სომხეთსაც სტუმრობენ და ამისთვის მათ, საშუალოდ, 10- 15 დღე სჭირდებათ.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელ პროდუქტად დავაპოზიციონიროთ საქართველო და არ იყოს მიბმული სხვა ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება დივერსიფიკაცია გავუკეთოთ ბიზნესს და ვიყოთ საინტერესო, არამხოლოდ ორგანიზებული ჯგუფებისთვის, არამედ დამოუკიდებელი მოგზაურებისთვის, მცირე ჯგუფებისთვის და რაც მთავარია, კორპორაციული სეგმენტისთვის. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ ბაზარზე დაყრდნობა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის, ავიაკომპანიებისთვის საკმაოდ სარისკოა“, – აღნიშნა თამუნა თანდაშვილმა.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას, Georgian Airways-ის კომერციული დირექტორის მოადგილემ ავიაკომპანიის სტრატეგიაზეც ისაუბრა.
„Georgian Airways-მა 2018 წელს ათი ახალი ავიამიმართულება შესთავაზა ქათულ ბაზარს, რომელიც მომგებიანი და საინტერესოა არა მხოლოდ – ქართველებისთვის; ახალი ავიამიმართულებები ნიშნავს მგზავრების ნაკადის ზრდას და ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას. ამასთან, ჩვენ მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება დავიწყეთ ბელგიით, ვმუშაობთ ტურისტულ სეგმენტთან, დიდ ტუროპერატორებთან. ეს ის ძალაა, რომელიც ახდენს ორგანიზებული ტურიზმის თავმოყრას, დიდი ჯგუფების შეკრებას და ქვეყანაში ჩამოყვანას. ბელგია სტრატეგიული ბაზარია ჩვენთვის, თუმცა აქამდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ღონისძებებია გასატარებელი. შემდეგი ქვეყანა იქნება საფრანგეთი და შემდეგ უკვე – ჰოლანდია, სადაც წერტილოვან მარკეტინგულ ღონისძებებს განვახორციელებთ,“ – განაცხადა თანდაშვილმა.
მისი თქმით, მარკეტინგული ღონისძიებები გულისხმობს საქმიან, ბიზნეს შეხვედრებს პარტნიორებთან და ხელშეკრულების გაფორმებას ხანგრძლივ თანამშრომლობაზე.