ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თანამედროვე ნამდვილი ქართველები: ნენსი ვოლანდი
18 აგვისტო, 2017

ირლანდიური ვისკის — Tullamore D.E.W.-ის სახელი ქარიზმატულ პერსონას — დანიელ უილიამსს (Daniel E. Williams) უკავშირდება: პირველად მან დაიწყო ფიქრი სასმელის უნიკალურ ხასიათზე. 1829 წელს, ირლანდიის სოფელ ოფელიში მდებარე Tullamore-ის დისტილერიაში ყველაზე დაბალი რანგის მუშის პოზიციაზე დასაქმდა, თუმცა მალე წარმოების მფლობელი და უნიკალური გემოს შემქმნელი გახდა. მას შემდეგ, Tullamore-ს დანიელის ინიციალები ამშვენებს და მას ყველაზე შემოქმედებითი ადამიანები მიირთმევენ. Tullamore D.E.W.-ის წლევანდელი გამოწვევა სწორედ დანიელ უილიამსის მსგავსი არასტანდარტულად მოაზროვნე ქართველების ისტორიებია.

ახალგაზრდა მხატვარი ნენსი ვოლანდი — იგივე ქრისტინა ბოტკოველი საზოგადოებამ Facebook-ის გვერდით გაიცნო: სიურეალისტური ნახატებით და რიჟა კატით სახელად ბადრი, რომელიც ასევე ნახატების ზღაპრული სამყაროდან გადმოსულ გმირს ჰგავდა. დღეს იმავე ილუსტრაციებით გაფორმებული ბესთსელერი მაისურების ავტორი და კომპანია imediahub-ის გრაფიკული დიზაინერია. მისი პორტფოლიო პერსონალურ გამოფენასაც მოიცავს, რომლის ყველა ნახატი რამდენიმე დღეში გაიყიდა. აინტერესებს თეატრის მხატვრობა, წიგნის ილუსტრაციებზე მუშაობა და გამოფენა-პერფორმანსისთვის ემზადება, სადაც საკუთარ ნამუშევრებს მუსიკალურ ბენდთან ერთად წარადგენს.

width=900

ფსევდონიმი სპონტანურად მოიფიქრა: ილიას უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში დავალება მისცეს, Facebook-ზე დარეგისტრირებულიყო. არასასურველი ნაცნობებისგან თავის არიდების მიზნით გადაწყვიტა, პროფილი სხვა სახელით შეექმნა. ინსპირაცია Placebo-ს სიმღერა Nancy Boy და მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას პერსონაჟი“ — ვოლანდი იყო. ხატვის დაწყების ზუსტი პერიოდი კი არ ახსოვს — ბაბუა მხატვარი ჰყავდა და ბავშვობიდან მასთან ერთად ხატავდა.

პროფესიის არჩევა გაუჭირდა: მიუხედავად იმისა, რომ სკოლის პერიოდში ხატვაში ემზადებოდა, ფიქრობდა, რომ იმ დროს ხელოვნებას პრაქტიკული დანიშნულებით ვერ გამოიყენებდა, ამიტომაც სწავლა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა. რადგანაც სკოლაში რუსულ სექტორზე სწავლობდა, უნივერსიტეტში ქართულ ენაზე გადართვა გაუჭირდა, თანაც ის ფაქტიც აწუხებდა, რომ სამი წელი ხატვას სრულიად მოწყდა. ამიტომაც სამხატვრო აკადემიაში გადავიდა, პარალელურად კი კომპანია Geographic-ში დედასთან ერთად მუშაობა დაიწყო. სამუშაო ტოპოგრაფიული რუკების ხაზვაში მდგომარეობდა: აღმოჩნდა, რომ სტერეო სათვალით ობიექტების დანახვა და მათი რუკაზე გადმოტანა ძალიან ბევრს უჭირდა, მას კი ეს საქმე კარგად გამოსდიოდა.

width=900

მალე ისევ ჩიხში აღმოჩნდა: სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტზე უმოქმედო გარემო მაინც და მაინც არ ხიბლავდა. მიხვდა, რომ სწავლის მაგივრად დროს კარგავდა და ვეღარც პროფესიულად ვითარდებოდა. 22 წლის ასაკში სწავლაც და სამსახურიც მიატოვა, სახლში ჩაიკეტა და ხატვა დაიწყო. პარალელურად Facebook-ის პროფილი შექმნა, სადაც საკუთარ ნამუშევრებს აქვეყნებდა.

სწორედ იმ დროს გადაწყვიტა, მაისურების მოხატვა დაეწყო. საქმე საკმაოდ შრომატევადი იყო — ქსოვილზე აკრილის საღებავებით შესრულებული ილუსტრაციის შექმნას დაახლოებით 4 საათს ანდომებდა. თუმცა ფიქრობდა, რომ ამ გზით საზოგადოებას უკეთ გააცნობდა თავს და საკუთარი შემოსავალიც გაუჩნდებოდა: „საქართველოში ნამდვილად გაფასებენ, მაგრამ სამწუხაროდ საკმარისი შემოსავალი არ აქვთ და იმ შრომის კომპენსაციასაც ვერასოდეს ახდენ, რაც ნამუშევრის შექმნას დასჭირდა.“

ერთ დღეს, „როგორღაც გაბედა“, ტილო შეიძინა და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი Facebook-ზე გამოაქვეყნა. იმ ნახატმა მცირე დროში მთელი სოციალური ქსელი მოიცვა, პროფილმა კი 12 000 გამომწერი შეიძინა, ნამუშევრის ყიდვის უამრავი მსურველი სწერდა. ლოგიკურად ყველაფერი პერსონალურ გამოფენამდე მივიდა: სპონტანურად Facebook-ზე დაწერა, ვინმეს ხომ არ შეგიძლიათ, უფასოდ ან შეღავათიან ფასად საგამოფენო ფართი გამომიყოთო. ერთ-ერთმა Facebook-ის მეგობარმა პრეზიდენტის ბიბლიოთეკასთან უშუამდგომლა და პროექტიც შედგა — გამოფენა 2 დღე გაგრძელდა, გახსნაზე დაახლოებით 1000 ადამიანი მივიდა და ყველა ნამუშევარი გაიყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატება სწრაფად მოიპოვა, სხვა ხელოვანების მსგავსად საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში უწევს: „მგონია, რომ ქართველ ხელოვანებს მეტი გამბედაობა სჭირდებათ. მოტივაციის ნაკლებობაზე გარკვეულწილად გარემოც მოქმედებს, დიდი ზეწოლის ქვეშ გვიწევს მუშაობა; საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია — ერთხელ mymarket-ზე ჩემი ნახატის ასლი ვნახე, რომელსაც ვიღაც ბიჭი საკუთარ გამოგონებად ასაღებდა. წარმოიდგინეთ, რომ დავურეკე, მიმტკიცებდა, ჩემი ნახატიაო“…

ნენსი დღეს აქტიურ ფაზაშია, ცდილობს განვითარდეს, გაიზარდოს და იმედგაცრუებებს საშუალება არ მისცეს, მის მოტივაციაზე გავლენა მოახდინონ. ღირსეულად გადალახა სკანდალიც, რომელიც მის პირად ცხოვრებას უხეშად შეეხო და უამრავი უსაფუძვლო ჭორის მიზეზიც გახდა: შეყვარებულთან ერთად ფოთლებით შესრულებული კომპოზიციების პროექტზე მუშაობდა, დაშორების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მისი იდეის გარშემო სხვა ადამიანები გაერთიანდნენ. ამ შემთხვევაში საავტორო უფლებებისთვის არ უბრძოლია — უბრალოდ გადაწყვიტა, ცხოვრება გაეგრძელებინა და ახალი ემოციები ახალი შთაგონების წყაროდ ექცია.

ინტერვიუს პარტნიორი ლოკაცია: The Grove Design Hotel, გენერალ კვინიტაძის #8

width=140

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.