ნადარბაზევის ტბა და მზესუმზირის პლანტაცია ყურადღების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ მოექცა. 50 ჰა ფართობზე გაშენებული ულამაზესი მზესუმზირების პლანტაციები სოფელ ნაწრეტში მცხოვრებ, თემურ ფსუტურს, ეკუთვნის. ამბობს, რომ მნახველები პლანტაციებს გასულ წელსაც ჰყავდა, თუმცა წელს მათმა რაოდენობამ მოლოდნის გადააჭარბა.
„შარშან ამხელა ფართობზე ვერ გავრისკეთ, მზესუმზირა მხოლოდ 6 ჰექტარზე დავთესეთ და მივიღეთ ძალიან კარგი მოსავალი. 1 ჰექტარზე დაახლოებით, 2 ტონა მოსავალი მივიღეთ. რადგან ეს ტურისტული ადგილია და ბევრი ტურისტი მოდის, გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა“, - ამბობს თემურ ფსუტური.
თეიმურაზ ფსუტურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში მის პლანტაციებს უამრავი ადამიანი სტუმრობს, მზესუმზირებს ტურისტები ძალიან უფრთხილდებიან.
„ძალიან ბევრი მნახველია, შორიდან ვუყურებ ხოლმე, მათ ხომ არ იციან ვინ ვარ. ერთმანეთს აკონტროლებენ, რომ არ გააფუჭონ. ბავშვებმა შეიძლება რაღაც მოგლიჯონ, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი,“ - ამბობს თემურ ფსუტური.
ახლა მთავარი დაბრკოლება ტურისტებისთვის ტბამდე მისასვლელი ქვიშიანი და საკმაოდ რთულად მისასვლელი გზაა. ფსუტური გვეუბნება, რომ მისმა მზესუმზირების პლანტაციამ წელს ისეთი მოწონება დაიმსახურა, თუ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს.
„თუ მთავრობის დაგვეხმარებით ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და დამსვენებელს გაუადვილდება აქ მოსვლა, სამომავლოდ აგრო ტურიტული სასტუმროს გაკეთებას ვგეგმავთ. თანამედროვე ტურისტი აღარ არის დიდ კომფორტზე ორიენტირებული. მას ურჩევნიათ, იყოს ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა“, - გვიყვება პლანტაციების მეპატრონე.
bpn.ge