“WOTA” -ასე ჰქვია ახალ მობილურ აპლიკაციასა და ტაქსების კომპანიას, რომელიც 28 აგვისტოდან მხოლოდ ქალებს მოემსახურება. ქალების ტაქსი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ამოქმედდება. ავტომობილების მძღოლებად მხოლოდ ქალბატონები იქნებიან და კლიენტებსაც მხოლოდ მანდილოსნებს მოემსახურებიან.
იდეა ვენაში მცხოვრებ ქართველ-ებრაელ ედენ ბინიაურიშვილს ეკუთვნის.
როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვენაში ტაქსის მამაკაცი მძღოლებისადმი ქალბატონი კლიენტების უკმაყოფილება გაიზარდა.
“მაგალითად, ჩემი და საღამოობით სულ ტაქსით მგზავრობდა და მამაკაც მძღოლთან თავს დისკომფორტულად გრძნობდა’’ -დასძენს ბინიაურიშვილი.

მამაკაცებისთვის ამ ტაქსის სერვისით სარგებლობა აკრძალულია, თუმცა, იდეის ავტორს კრიტიკის არ ეშინია.
“ვიცი, რომ ეს მამაკაცების საწინააღმდეგო სერვისია, თუმცა მე თვითონაც კაცი ვარ და ჩემთვის პირველ ადგილზე ქალები არიან. აქ საუბარია მხოლოდ უსაფრთხოებასა და ქალბატონებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე’’-აღნიშნავს ედენ ბინიაურიშვილი.
აგვისტოს ბოლომდე ვენაში ქალების ტაქსის 40 მანქანა ივლის.
BM.GE