ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტავ ჯორჯია“ -„Georgian Airways-ი თბილისში ბაზირებული ერთადერთი ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელსაც მგზავრთა მოსაკრებელი $24-დან $19-მდე შეუმცირდა“
31 მაისი, 2019

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ „კომერსანტს“  იმ კითხვებზე პასუხობს, რომელიც ბოლო პერიოდია პასუხგაუცემელია. როგორც, ექსპერტულ წრეებში ცნობილია „ტავ ჯორჯიას“ არაკონკურენტული პირობების შექმნას და მაღალ ტარიფებს ედავებიან.  განსაკუთრებით,  იმაზე, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია ადგილობრი ავიაკომპანიებს  განვითარებაში არ ეხმარება .

როგორც „ტავ ჯორჯიაში“განმარტავენ, ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლის დღიდან, „ტავ ჯორჯიას“ ერთ-ერთ პრიორიტეტს კავკასიის რეგიონში საქართველოს საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ოპერირების პირველივე დღიდან კომპანიამ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ბაზირებულ ქართულ ავიაკომპანიებს განსაკუთრებული და სპეციალური შეღავათები დაუწესა.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ Georgian Airways-ი თბილისში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. როგორც ცნობილია, ქვეყანას რეგიონში საავიაციო ჰაბად ძლიერი ეროვნული ავიაკომპანია აქცევს, შესაბამისად, ჩვენ კონკურენციის კანონის სრული დაცვით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეროვნულ გადამზიდავებს განვითრებაში ხელი შევუწყოთ,“-აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

მათი განმარტებით, ეროვნული გადამზიდავი კომპანიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, Georgian Airways-ი-სთვის, როგორც თბილისში ბაზირებული კომპანიისთვის, სპეციალური შეთავაზება შემუშავდა, რომელიც კომპანიისთვის მოთხოვნად სერვისებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს.

ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით Georgian Airways-ს უფლება მიეცა, საკუთარი საჰაერო ხომალდებისა და მგზავრებისთვის თავად გაეწია სახმელეთო მომსახურება , რაც მათ შემცირებულ საწარმოო ხარჯებზე მნიშვნელოვნად აისახება. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ქართული ავიაკომპანია სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

ამასთანავე, შიდა ფრენების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წლიდან „ტავ ჯორჯიას“ მიერ სპეციალური ტარიფი შემუშავდა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ რეისებს ასრულებენ, რაც Georgian Airways-ს  საშუალებას აძლევს, საგრძნობლად შეამციროს ხარჯები მის მიერ განხორციელებულ შიდა რეისებზე. ამ ეტაპზე Georgian Airways-ი ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელსაც „ტავ ჯორჯიამ“ მგზავრთა მოსაკრებელი $24-დან $19-მდე შეუმცირა. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 100 000-ს აღემატება.

კითხვაზე – გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინავენ როგორც მაღალბიუჯეტიანი,ისე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, ხომ არ ქმნის ეს გადანაწილება არაჯანსაღ კონკურენციას. მათ შორის, მაღალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ხომ არ იტყვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენაზე უარს, თუნდაც იმიტომ, რომ დასახელებულ აერიპორტში  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც დაფრინავენ?– ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  10 დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოპერირებს, რომელთა მიმართულებებიც რამდენიმე შემთხვევაში ემთხვევა მაღალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისას.

შესაბამისად, როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, მათი  მთავარი ამოცანაა ნებისმიერი ტიპის მგზავრს    რამდენიმე არჩევანი შესთავაზონ, შემდეგ კი  სწორედ მგზავრი წყვეტს რომელი ავიაკომპანიის სერვისით ისარგებლებს.

„ტავ ჯორჯია სრულად იცავს ბაზრის თამაშის წესებს, შესაბამისად არცერთ ავიაკომპანიას  რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე არ აქვს მონოპოლია ჩვენ ღია ვართ ყველა დაინტერესებული ავიაკომპანიისთვის, იქნება ეს დაბალბიუჯეტიანი, მაღალბიუჯეტიანი თუ ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის იფრინოს თბილისი/ბათუმიდან ნებისმიერი მიმართულებით,“-აღნიშნავენ „ტავ ჯორჯიაში“ .

„კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება მოსაკრებლის შემცირება თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს ბაზარზე ამ  მომენტის  გამო  საერთაშორისო ავიაკომპანიებმა  შემოსვლაზე უარი არ თქვან, როგორც ეს თავის დროზე ირლანდიურმა „რაინეარმა“ გააკეთა, მიზეზად კი აეროპორტის დიდი მოსაკრებელი და ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე- თურქიშ ეარლაინსზე მორგებულისტრატეგია დაასახელა“ – „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ  „თურქიშ ეარლაინსთან“ ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 50 ავიაკომპანია  ოპერირებს რომლებიც უკვე წლებია სარგებლობენ „ტავის“ სერვისებით და ფრენებს უწყვეტად ახორციელებენ.

„მეტიც, ისინი სეზონურად ზრდიან ფრენების სიხშირეებს ამატებენ ახალ მიმართულებებსაც. დღემდე არცერთ ავიაკომპანიას „ტავ ჯორჯიას“ მიმართ, მოსაკრებელთან  ან სერვისის მიწოდების ხარისთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ყველა ავიაკომპანია სარგებლობს მგზავრთა მოსაკრებლის ერთიანი სატარიფო სისტემით. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკება ვაწარმოოთ ნებისმიერ ავაიკომპანიასთან, რომელსაც სურს დაიწყოს ფრენები თბილისის ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში“-აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.