Adventures in Batumi - ამ დასათაურებით ევრონიუსმა აჭარაზე სიუჟეტები მოამზადა. ევრონიუსის ჟურნალისტმა დენის ლოკტიემ სხვადასხვა ტურისტულ ადგილას იმოგზაურა, მათ შორის მტირალას ეროვნული პარკი, კურორტი გოდერძი და ბათუმი.
აჭარის შესახებ მომზადებული მინი-სერიები ევრონიუსის ეთერში მაისიდან ყოველდღიურად გადაიცემა და ის თვის ბოლომდე გაგრძელდება.
აჭარას ევრონიუსის რამდენიმე ჟურნალისტი ეწვია და ისინი აჭარაში მოგზაურობას ვრცელ ბლოგს მიუძღვნიან. შემოდგომაზე გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გააშუქებს. რეგიონის შესახებ მომზადებული გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს.
ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ეს პროექტი მიზნად ისახავს მსგავსი მესიჯ-ფილმებით ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ პოტენციურ ტურისტებს, ტურისტულ სააგენტოებსა და ტურიზმით დაინტერესებულ აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ აჭარა არამხოლოდ ზღვის სეზონზე, არამედ წლის ოთხივე სეზონზე საინტერესო ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ ევრონიუსთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და შემდეგი კვირიდან, უკვე სამოგზაურო ბლოგის მაყურებელი გაიგებს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. როცა მსგავსი ტიპის რეიტინგული მედიასაშუალებები ჩვენს ქვეყანასა და რეგიონზე საუბრობენ ნამდვილად მნიშვნელოვანია და პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ცნობადობასა და იმიჯზე აისახება,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
www.travelingeorgia.ge