ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"თბილღვინო" მევენახეებისგან რქაწითელს 1.15 ლარად იბარებს
12 სექტემბერი, 2023

კომპანია „თბილღვინო“  მევენახეებისგან რქაწითელის ჯიშის ყურძენს კილოგრამს 1.15 ლარად იბარებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, სექტემბერში მოსულმა სეტყვამ მათი ვენახებიც დააზიანა და ზარალის დათვლის პროცესი სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, გრძელდება.

„ჩვენ მაღალი ხარისხის დამხმარე მასალებს ვიყენებთ ვენახის მოვლისთვის და წელს იმ გამოწვევებს, რაც იყო ნაცარი, ჭრაქი თუ ჭია წარმატებით გავართვით თავი, თუმცა სეტყვამ ვენახის  ნაწილი ჩვენც გაგვინადგურა. სადაზღვევო კომპანიასთან ერთად ახლა მიდის ამის დაზუსტება. დაზიანებული იქნება, ალბათ, დაახლოებით 300-400 ტონა მაღალხარისხიანი საფერავი.  თუმცა სხვა მხრივ,  ჩვენი ვენახები არის ძალიან მაღალი ხარისხის. რთველი დავიწყეთ 29-30 აგვისტოს. მევენახეებისგანაც ვყიდულობთ რქაწითელის ჯიშის ყურძენს 1.10 - 1.15 ლარის ფარგლებში, პლუს ტრანსპორტირება.  ჩვენ შედარებით მაღალ ფასს ვიხდით იმისთვის რომ საბოლოო პროდუქტი მივიღოთ მაღალი ხარისხის,“- აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე  განმარტებით, კომპანიის საკუთრებაში ამჟამად 405 ჰექტარი  ვენახია.ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. 

„ვენახები ხუთ ადგილზე გვაქვს, გურჯაანის, ყვარელის და თელავის ტერიტორიაზე. სეტყვისგან მიღებული ზარალის მიუხედავად,  ჩვენ საკმაოდ იმედიანად ვართ.“-აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ,“თბილღვინო” ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც ექსპორტზე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. 

“თბილღვინოს” ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, "თბილღვინომ" უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.

agropartner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.