თბილისელთა 43% წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენებას, - ასეთია კომპანია ACT-ის კვლევის შედეგები.
კვლევის თანახმად, საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% დასასვენებლად წასვლას საერთოდ ვერ ახერხებს, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები.
ACT კვლევაში მითითებულია, რომ საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობაა(63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა (73%), ფულის უქონლობის გამო, ყველაზე მეტად დასვენების შანსი არ ეძლევათ 65 წელს ზევით რესპოდენტებს (73%).
დროის უქონლობის გამო, უფრო მეტად კაცები ვერ ახერხებენ დასვენებლად წასვლას 47%, ვიდრე ქალები 30%, ხოლო ფულის უქონლობა ქალებს მეტად აბრკოლებს (69%), ვიდრე კაცებს (57%).
იმ რესპოდენტთა უმეტესობა, ვინც ახერხებს დასვენებას, უპირატესობას საზღვაო კურორტებს ანიჭებს (55%). პოპულარულია სამთო კურორტებიც, რომლებსაც გამოკითხულთა 44% სტუმრობს. საკუთარ, ან მეგობარის/ახლობლის სოფელს სტუმრობს გამოკითხულთა 36%, მათ შორის ყველაზე ხშირად 65 წელს ზევით რესპოდენტები (60%).
უმეტესობისთვის დასვენებისათვის ყველაზე ოპტიმალური დრო ზაფხული აღმოჩნდა (94%). ამ მხრივ გენდერული და ასაკობრივი სხვაობები არ გამოვლენილა.
იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც წლის განმავლობაში საშუალოდ 500-დან 1000 ლარამდე ხარჯავენ ფულს დასვენებისთვის, ყველაზე მეტი 41% აღმოჩნდა. 500 ლარამდე ბიუჯეტს იმყოფინებს გამოკითხულთა 28%-ის ოჯახები. დასვენებისათვის საჭირო ბიუჯეტს საქართველოს ფარგლებში დამსვენებელთა 55% მთელი წლის განმავლობაში აგროვებს. 25%-ს საერთოდ არ სჭირდება ფულის დაზოგვა დასვენებისთვის და მათ შორის უფრო მეტად კაცებს 33%, ვიდრე ქალებს 20%. დამსვენებელთა 8%-ს კი საბანკო სესხის, ან განვადების გაკეთება უწევს დასასვენებლად საჭირო თანხის შესაგროვებლად.
ACT-იმ კვლევა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2-3 ივნისის დასაწყისში ჩაატარა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.
www.travelingeorgia.ge