ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში გოდერძის კურორტის სარეკლამო ვიდეორგოლები გამოჩნდება
25 ნოემბერი, 2015

თბილისის  სარეკლამო მონიტორებზე გოდერძის უღელტეხილის შესახებ რეკლამები განთავსდება. ამის შესახებ განცხადება „კომერსანტთან" მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა გააკეთა. ვიდეო რგოლი საწყის ეტაპზე ახლად გახსნილ კურორტის შესახებ გაეშვება, ამას კი ეტაპობრივად მოყვება თეთნულდზე, ბაკურიანზე და გუდაურზე.

ონოფრიშვილის განცხადებით, ინფორმაცია ფილარმონიასთან და სააკაძის მოედანზე განთავსებულ სარეკლამო მონიტორებზე გავა. მისი მტკიცებით, ამ დროისთვის გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი სრულ მზადყოფნაშია. შედეგად, მიმდინარეობს კურორტის პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი. ონოფრიშვილის განცხადებით, კურორტს ერთ ღამეში ჯამში 200 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია, თუმცა, ეს მხოლოდ წელს, სამომავლოდ კი გაიზრდება სასტუმროების რაოდენობაც და კურორტი იმაზე მეტ ტურისტს მიიღებს, ვიდრე წელს.

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი 5 დეკემბერს გაიხსნება. კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარით ფინანსდება. გარდა ამისა, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხია გამოყოფილი.

საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა მოახერხოს. ზამთრის კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2350 მეტრს აღწევს.

ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.