ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ავიარეისების განხორციელების მიზნით ტენდერი გამოცხადდა
01 სექტემბერი, 2023

შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ავიაგადამზიდავმა მგზავრთა ტრანსპორტირებას 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს. თბილისსა და ბათუმს შორის ავიარეისების დანიშვნისთვის გაერთიანება მზადაა დღგ-ს გარეშე 1 980 607 ლარი გადაიხადოს, თუმცა ტენდერში გამარჯვებული გახდება ის კომპანია, რომელიც შემსყიდველს საუკეთესო პირობებს შესთავაზებს.

ტენდერის პირობების მიხედვით, მომსახურების ღირებულება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ანაზღაურდეს შემდეგი წესით:

o ერთი ადგილის ღირებულება – არაუმეტეს, 58 აშშ დოლარი;
o მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა რეისზე, თითო მიმართულებით 100 ადგილი, ჯამურად ორივე მიმართულებით – 200 ადგილი;
o ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობა, ყველა რეისზე და ორივე მიმართულებით ჯამში – 13,000 ადგილი;
o მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულება გამოითვლება შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისათვის“ სარეალიზაციოდ მიწოდებული ბილეთების რაოდენობის შესაბამისად.
o სარეალიზაციოდ მიწოდებული ბილეთების რაოდენობის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება სრულად, ამ დოკუმენტაციით გათვალისწინებული მაქსიმალური ასანაზღაურებელი ადგილების რაოდენობის ფარგლებში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ფაქტობრივად რეალიზებული ბილეთების რაოდენობის მიუხედავად.

საჰაერო ხომალდის ტიპი:

– სულ მცირე ერთი, არანაკლებ 50 ადგილიანი, საჰაერო ხომალდი. საჰაერო ხომალდი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტების საექსპლუატაციო პირობებს, ნებისმიერ საფრენოსნო სეზონზე / წლის ნებისმიერ დროს;
– საჰაერო ხომალდის მობილიზაციისთვის და მომსახურების გაწევის დაწყებისთვის მიმწოდებელს უნდა მიეცეს არაუმეტეს 1 თვიანი ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

მომსახურების გაწევის ვადა:

– მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების დაწყების თარიღიდან, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შესასრულებელი რეისების საორიენტაციო რაოდენობა კვირაში – არაუმეტეს 5 რეისი.

იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი, ვერ შეძლებს მომსახურების საერთოდ გაწევას ზედიზედ 10 კალენდარული დღის განმავლობაში ანდა ჯამურად ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში – 20 კალენდარული დღე, შემსყიდველი უფლებამოსილი იქნება, ცალმხრივად შეწყვიტოს შესყიდვის ხელშეკრულება.

მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას, მეორე მხარეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს პირგასამტეხლო, ყოველი დარღვეული დღისთვის 300 ლარის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დამრღვევ მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

ეს წესი არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა მომსახურების გაუწევლობა გამოწვეულია:

– შემსყიდველის ბრალეულობით;
– ფრენისათვის ობიექტურად ხელისშემშლელი მეტეოროლოგიური პირობებით.
– საწყისი ან დანიშნულების აეროპორტის უარით ავიარეისის შესრულებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა აეროპორტის მფლობელი ან ოპერატორი თავად მიმწოდებელი ან მასთან დაკავშირებული პირია);
– სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებით.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.