თბილისი-ერევანი-მოსკოვი – სანქციების გამო “ჯორჯიან ეარვეისი” ტრანზიტული რეისებისთვის ემზადება
რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიამიმართულებით დაწესებული სანქციების შემდეგ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებას ავრცელებს.
“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.
იმ შემთხვევაში თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები რუსეთის ფედერაციაში შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას უკვე აცნობა.
ფრენების შეჩერების მიზეზად, ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება სახელდება.
როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისათვის ქართული მხარის დავალიანება 792 543,19 აშშ დოლარს და 592 251,95 რუბლს შეადგენს.
ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად ქართული ავიაკომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამების წარდგენა და აეროსანავიგაციო მომსახურების დავალიანების დაფარვა სახელდება.
“აღნიშნული დავალიანება ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა არ დაუბრუნებია.
რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მზადაა კონსულტაციები გამართოს ქართულ მხარესთან”, – წერია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.